მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ძალებმა საპასუხო ბირთვული წვრთნა ჩაატარეს

რუსმა სამხედროებმა დაამუშავეს მოწინააღმდეგის თავდასხმის საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.

”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად, თქვენი ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მართვისათვის წვრთნა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება დავალებები სტრატეგიული შეტევითი ძალების მიერ მტრის ბირთვული იერიშის საპასუხო მასიური ბირთვული დარტყმისთვის“, – მოახსენა შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შესაბამისი კადრები კრემლის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია “როსია 24”-მა უჩვენა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ წვრთნაში ჩართული იყო სტრატეგიული სარაკეტო ძალების სარაკეტო სისტემა “Ярс-ი”, ჩრდილოეთის ფლოტის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა ნავი “Тула” და ორი რაკეტმზიდი Ту-95МС. ითქვა, რომ რაკეტებმა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს.

დღეს, 26 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნაში. ის სწავლებას სიტუაციური ცენტრიდან აკვირდებოდა.

რუსეთმა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები „გრომ 2022“ უკრაინის წინააღმდეგ ომის პარალელურად დაიწყო.

სტრატეგიული შეკავების ძალების (მათ შორის ჰიპერბგერითი და ბირთვული იარაღის ჩათვლით) უკანასკნელი წვრთნა ბალისტიკური რაკეტების გაშვებით 19 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 5 დღით ადრე ჩატარდა.

26 ოქტომბერს დაწყებული სწავლება მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ დისკუსიის ფონზე. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს იარაღის გამოყენების მუქარაში ადანაშაულებენ. რუსი ოფიციალური პირები ამას უარყოფენ.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთისგან მიიღეს ოფიციალური შეტყობინება ყოველწლიური სწავლების შესახებ. პენტაგონის პრესმდივნის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, ამ მხრივ, რუსეთი იცავს შეიარაღების კონტროლის და შეტყობინების საერთაშორისო ვალდებულებას. აშშ სწავლებას აქტიურად დააკვირდება.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები 26-29 ოქტომბერს ჩატარდება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში და სწავლებისას გამოყენებული იქნება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

მეორე კვირაა, ნატო ბელგიაში ატარებს წევრი სახელმწიფოების სამხედრო-საჰაერო ძალების სწავლებას Steadfast Noon, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button