მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ, კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინელებს, რომ მზად იყვნენ რუსეთის სარაკეტო იერიშებისთვის

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს.

ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იუანუშევიჩის თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი, საბავშვო ბაღი, ასევე დაინგრა კერძო სახლი.

“რუსი ოკუპანტები არტილერიის გამოყენებით თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ხერსონში“, – დაწერა იანუშევიჩმა Telegram-ზე.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსებმა ბახმუტთან თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს და დიდი დანაკარგები აქვთ.

“ბახმუტი ჩვენი მტრის თავდასხმის მთავარ მიმართულებად რჩება. მათ მთელი თავიანთი არტილერიის, ტანკების კონცენტრირება იქ მოახდინეს, ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა. მტერი დიდ ზარალს განიცდის. მხოლოდ ამ დღეებში, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა ბახმუტის მიმართულებით. მტერმა 77 ჯარისკაცი დაკარგა, 125 კი დაშავდა”, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.

ჩერევატის თქმით, რუსებმა გარკვეულწილად შეცვალეს ტაქტიკა, ისინი აღარ მოქმედებენ როგორც ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში, არამედ იყოფიან მცირე ჯგუფებად. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე რუსი ჯარისკაცები დაბნეული არიან და ცდილობენ წინა პოზიციებს მიუახლოვდნენ.

“ისინი ასევე ცდილობენ აქტიურობას ავდიივკას მიმართულებით და იქ თავდასხმის ოპერაციებს აგრძელებენ. ეს არის ალბათ შემდეგი ყველაზე აქტიური მიმართულება ბახმუტის შემდეგ. და დროდადრო ცდილობენ კონტრშეტევას ლუჰანსკის მიმართულებით. თუმცა, ეს შეტევებიც არის წარუმატებელი, მათ დანაკარგები აქვთ და უკან იხევენ”, – განაცხადა ჩერევატიმ.

ლუჰანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ყველაზე ცხელი წერტილები კრემენაია და ბახმუტია.

“ყველაზე ცხელი წერტილები კრემენაია და ბახმუტია. კრემენაიას მახლობლად ბრძოლა გრძელდება. რუსებს ესმით, რომ თუ კრემენაიას დაკარგავენ, მათი დაცვის მთელი ხაზი “დაეცემა”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების სამხედრო სარდლობა კრემენაიადან რუბიჟნეში გადავიდა, რომელიც ფრონტის ხაზის სამხრეთით, 15 კილომეტრში მდებარეობს. მისი თქმით, რუს ოკუპანტებს იმედი ჰქონდათ, რომ ლიმანის მიმართულებით კონტრშეტევას მოაწყობდნენ, უკრაინელმა დამცველებმა კი ხელი შეუშალეს მათი გეგმების განხორციელებას.

21 დეკემბერს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებით შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, სვატოვოს კიდევ ერთი დასახლებით მიუახლოვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წუხელ კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინელებს, რომ გამოიჩინონ ყურადღება და მზად იყვნენ რუსეთის სარაკეტო იერიშებისა და პროვოკაციებისთვის. „ამისთვის ემზადება საჰაერო-თავდაცვის სისტემა, ემზადება სახელმწიფო და მზად უნდა იყოს ყველა. ყურადღება მიაქციეთ, გთხოვთ, სირენების ხმას“, – განაცხადა ზელენსკიმ 26 დეკემბრის ღამეს, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა “რთული და მწვავე” უწოდა დონბასში არსებულ მდგომარეობას, რაც მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს.

„იქ, ბახმუტის, კრემინასა და დონბასის სხვა ტერიტორიებზე, მდგომარეობა მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს – და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია – იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნონ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან.

ამ განცხადების ფონია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მორიგი ანგარიში, რომლის თანახმად, უკრაინის ცის დამცველებმა რუსეთის მიერ ირანისგან შეძენილი 250 ახალი დრონიდან 70-ი უკვე გაანადგურეს

მსგავსი პოსტები

Back to top button