საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ვაკეში დაბანაკდა

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები თბილისშია და აქვე ემზადება სეზონის მომავალი სტარტებისთვის, რომელთაგანაც უახლოესი 23-24 მაისს მაროკოს დედაქალაქ რაბათში ჩასატარებელი მასტერსის შეჯიბრებაა.

მოგეხსენებათ, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ჯერ ერთთვიანი შეკრება გაიარა სამხრეთ კორეაში, სადაც კვირაში ერთხელ მასპინძელთა ნაკრებთან ვარჯიშობდა, დანარჩენ დროს კი ან ადგილობრივი უნივერსიტეტის გუნდთან, ან დამოუკიდებლად ემზადებოდა. იმის შემდეგ ჩვენებმა ბაქოში იჭიდავეს “დიდ მუზარადზე” და თბილისში დაბრუნდნენ, სადაც ვაკეში, თავიანთ ყოფილ, ამჟამად კი სამბოს ცენტრალურ დარბაზში აგრძელებენ მზადებას.

მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის განკარგულებაში ყველა უძლიერესი ფალავანია, ოთხი ლიდერის გამოკლებით. აღსანიშნავია, რომ მას მხოლოდ 81 და 90 კილოგრამების ფავორიტები აკლია: ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ევროპის ასევე ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს პირველობის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი და ახალგაზრდებში ევროპა-მსოფლიოს გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90) სეულში დარჩნენ და იქ აგრძელებენ შეკრებას, ბაქოს ტურნირის ფინალისტი უშანგი მარგიანი (81) კი აზერბაიჯანში მიღებულ ტრავმებს იშუშებს.

მარგიანმა მენისკი და იოგი ერთად დაიზიანა და მასტერსზე წასვლა გამორიცხულია. რაც შეეხება კორეაში დარჩენილ სამეულს, ისინი იქიდან ჩაფრინდებიან მაროკოში.

საბედნიეროდ, გუნდში სერიოზული ტრავმა სხვას არ აწუხებს, მხოლოდ პატარ-პატარა დაზიანებებია, თუმცა ისიც ერთეულ შემთხვევებში და არა საგანგაშოდ საშიში. მაგალითად, წელი სტკივა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ამირან პაპინაშვილს (60), ოღონდ არაა საშიში ტრავმა, სხვები კი ჯანმრთელად არიან.

რაც შეეხება მაროკოში წამსვლელთა სიას, ის ასეთია: პაპინაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე – 73), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100).

ეს ტურნირი პრესტიჟულობით (რასაც სარეიტინგო ქულები და საპრიზო ფონდი განსაზღვრავს) მხოლოდ ოლიმპიადას და მსოფლიოს ჩემპიონატს ჩამოუვარდება. იქ მონაწილეობაც კვოტირებულია – იწვევენ მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგის 16 საუკეთესო ათლეტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button