მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მთავარი არხის” დაშავებული ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს

“მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალიდან” ცოტა ხნის წინ გაწერეს. ქარელში, “ქართული ოცნების” შტაბში მომხდარი ინციდენტის შედეგად მან მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო. დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები.

ინციდენტი 15 სექტემბერს მოხდა. “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

“ცხადზე ცხადია და კადრებშიც გამოჩნდება, რომ ეს იყო განზრახ მიყენებული დაზიანება. დაზიანება არის მარტივი სიტყვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა მეორე სართულიდან გადმოისროლეს ჩემი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც რამდენიმე წამს გონზე არ იყო და როდესაც მოვიდა გონს, მითხრა რომ ზურგს მთლიანად ვერ გრძნობდა, ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებდა,” – განაცხადა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ.

ყორშია ამბობს, რომ ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

“გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. მე ცხადია, პესიმისტურად ვარ განწყობილი და არანაირ შედეგს არ ველოდები ამ გამოძიებისგან. ძალიან ბევრი მსგავსი საქმეა შემოდებული თაროზე და ბოლომდე არ არის მიყვანილი კონკრეტულად ჟურნალისტებზე ძალადობის მხრივ”, – თქვა ბექა ყორშიამ.

ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button