ისრაელის არმიამ ღაზაში 400 სამხედრო ობიექტი გაანადგურა

ისრაელელი სამხედროები იტყობინებიან, რომ არ აპირებენ საჰაერო დარტყმების ინტენსივობის შენელებას ღაზის სექტორზე, მიუხედავად იმისა, რომ გაათავისუფლეს კიდევ ორი მძევალი, რომლებიც “ჰამასის” მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას შეიპყრეს.
უწყვეტმა შეტევებმა მთლიანად უნდა უვნებელყოს „ჰამასი“, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰა-ლევიმ. ისრაელის თავდაცვის ძალების 24 ოქტომბრის ცნობის თანახმად, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, სამხედროებმა ღაზის სექტორში ჰამასის 400-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, დაიღუპა რადიკალური დაჯგუფების რამდენიმე მეთაური და ბევრი მებრძოლი, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი დარტყმა ისრაელის საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავებმა განახორციელეს „ჰამასის“ სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გვირაბზე. დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა ასევე მეჩეთებში მდებარე “ჰამასის” სამეთაურო ცენტრები და სამხედრო ობიექტები.
“ბოლო დარტყმები ფოკუსირებული იყო ჰამასის მოედნებზე ღაზის სექტორში, მათ შორის რამდენიმე მეჩეთში და ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელზე სარაკეტო იერიშს ამზადებდნენ. ღამით ასევე დავარტყით ჰამასის გვირაბის შესასვლელს ღაზის სანაპიროზე და სამეთაურო ცენტრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
24 ოქტომბრის ღამით, ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა შიიტური პროირანული დაჯგუფების, “ჰეზბოლას” ობიექტებზე ლიბანში. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო სამხედრო ქალაქი.
პალესტინეოთა ავტონომიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანახმად, გასულ 24 საათში ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად 704 პალესტინელი იქნა მოკლული. ამავე უწყების ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, რომელიც პალესტინელი მებრძოლების თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო 7 ოქტომბერს, სულ მოკლული იქნა 5791 პალესტინელი.
ბი-ბი-სის კორესპონდენტი, რუშდი აბუ ალუფი იტყობინებოდა ისრაელის თავდაცვის არმიის ღამის თავდასხმების შესახებ ხან-იუნისში, ღაზის სეტორის სამხრეთში, სადაც ისრაელელმა სამხედროებმა მილიონზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოითხოვეს სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან, „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების გამო.
ისრაელს აქვს კანონიერი უფლება სამხედრო მოქმედებებით უპასუხოს ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმას, თუმცა ისრაელმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა. ბრიფინგზე გამოსვლისას, მილერმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში სამხედრო სამიზნეები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაშია ჩაშენებული, რის გამოც ზარალდება და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.
შეგახსენებთ 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.