მთავარი პროკურატურა მეგის ქარდავაზე დაკავებას ადასტურებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.

“მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა. უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია პროკურატურის სპეციალურ განცხადებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.

კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის, პატიმართა წამების, ე.წ „კასრების“, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, მალხაზ არქანიას წამების და ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთის საქმეებზე.

“ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები”, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button