“მთავარმა არხმა” მიკროფონის წართმევის ფაქტზე პროკურატურას მიმართა
„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის წართმევის გამო პროკურატურას განცხადებით მიმართა. ტელეკომპანია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„დღეს ჩვენ შეგვაქვს განცხადება პროკურატურაში თავისი წყალგაუვალი მტკიცებულებებით, სადაც ჩანს როგორც ძარცვა, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამავე კადრებში ჩანს პოლიციელების მიმართ სრულიად აბუჩად ამგდები დამოკიდებულება, სადაც წულუკიანი ამბობს, რომ ის ვიღაცეები, ვინც გამოიძახეთ, საერთოდ არ მაინტერესებს. ეს ვიღაცეები არიან პატრული და კრიმინალური პოლიცია
ჩვენ დღეს ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი შეტევის ქვეშ, 24-საათიანი შეტევის ქვეშ. ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების განმავლობაში მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ. ქალბატონი წულუკიანი არის ამის ერთ-ერთი მთავარი სახე. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოძალადე, ამ ქვეყნის მთავარი ჯალათი. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს პირდაპირი მნიშვნელობით მოპარა მიკროფონი, მიიტაცა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა“, – “, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურის წინ ბრიფინგზე, სადაც 4 ტელევიზიის – „მთავარი არხის“ „ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და „კავკასიის“ – მიკროფონებით წარდგა.
შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 22 ივლისს სენაკში, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.