მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მთავრობა ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებს პრემიას 3 მილიონ ლარამდე უზრდის

საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრების პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იქნა მიღებული.
გარდა ამისა მთავრობა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩარტერული რეისების სუბსიდირებას აპირებს. მისივე თქმით, რეისების მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული და გერმანიის ქალაქებში პირდაპირი ფრენები დაინიშნება.

“ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომელიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს 18-22-26 ივლისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს, ბუნებრივია ამ მატჩებს და ამისთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, მგზავრობის გამარტივება და გაიაფება, შესაბამისად, მივიღეთ ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით და ასევე, ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას.

მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის”, – ამბობს კობახიძე.
საქართველოს ნაკრების მონაწილეობით გერმანიაში თამაშები იმართება:

18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან;
22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთთან;
26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან.
„მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში – დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში…

გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, სუბსიდირებული ფრენით სარგებლობისთვის, გულშემატკივარმა უნდა წარადგინოს თამაშზე დასასწრები ბილეთი. ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის წინასწარი გათვლით, ბილეთების სუბსიდირებაში დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაიხარჯება.

დაახლოებით 2000 ბილეთით მგზავრობა შესაძლებელი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 1000 ბილეთით კი – ქუთაისიდან.

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნაკრების ფეხბურთელები გასულ პერიოდში აქტიურად გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, რიგ შემთხვევებში ანტირუსული გზავნილები გაავრცელეს.

4:2-საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

მსგავსი პოსტები

Back to top button