მთავრობა ცდილობს “ენკასთან” საარბიტრაჟო დავა აირიდოს
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ENKA-სთან შევთანხმდეთ, არბიტრაჟის გარეშე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ორი კვირის წინ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია “ენკასა” და ქართული მხარის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა ევროპაში შედგა.
„ჩვენ შორის ორი შეხვედრა შედგა და სამუშაო შეხვედრა კიდევ გაიმართება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა მათივე პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ქართული ეკონომიკის და ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, კომპანია ENKA-მ სახელმწიფოსთან $800-მილიონიანი საინვესტიციო ხელშეკრულება სექტემბერში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გაწყვიტა და “ნამახვანიჰესის” მშენებლობაც შეწყდა. ამჟამად კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება. მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა და მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.