მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გერმანია რუსეთისგან ხანგოშვილის მკვლელობაზე პასუხს ითხოვს

გერმანელი გამომძიებლები რუსეთისგან უშედეგოდ ელოდებიან პასუხს ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გაგზავნილ შეკითხვებზე.

სააგენტო DPA-ს ცნობით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გერმანიის პარლამენტის წევრმა სევიმ დაგდელენმა იუსტიციის სამინისტროს მიმართა და პასუხად მიიღო, რომ პროკურატურის მიერ რუსეთში ჯერ კიდევ 2019 წელს გაგზავნილი ორი მიმართვა ამ დრომდე შინაარსიანი პასუხის გარეშეა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

დეკემბრის დასაწყისში, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა, კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ ირიცხებოდა და სულ მცირე, ორ დაკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა.

რუსეთის მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გერმანიის ფედერალურ პროკურატურას გადაეცა, რადგან მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი არსებობს.

ფედერალური პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს იძიებს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა. საპასუხოდ, რუსეთმა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო 2015 წელს, თბილისში მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ დატოვა. აღნიშნული ფაქტები დღემდე გამოუძიებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button