მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მთიან ყარაბაღში რუსი ჯარისკაცების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაიღუპნენ

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 20 სექტემბერს რუსი ჯარისკაცების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაიღუპნენ. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, მშვიდობისმყოფელები სადამკვირვებლო პოსტიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც დასახლებულ პუნქტ ჯანიათაგის რაიონში მათ მანქანას ცეცლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტი მოხდა „რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დაბრუნების დროს, სადამკვირვებლო პუნქტიდან ჯანიატაგის დასახლების ზონაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, დაბომბვა განხორციელდა მცირე ზომის იარაღიდან. ვისი მხრიდან გაიხსნა ცეცხლი, უცნობია. უწყებაში ასევე არ აკონკრეტებენ, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მანქანაში.

„ინციდენტის ყველა გარემოების გარკვევის მიზნით ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ორგანოების რუსეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად ადგილზე რუსეთისა და აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელები მუშაობენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებებთან და იმედოვნებს, რომ მხარეები შეძლებენ დეესკალაციას და სიტუაციის დამშვიდებას.

„ჩვენი მშვიდობისმყოფელები ძალიან აქტიურად მუშაობენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან, აკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა“, – აცხადებს პუტინი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში.

ამასთან აზერბაიჯანი დე იურე თავის ტერიტორიაზე მოქმედებს, რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენელი გამოეხმაურა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებას, რომელმაც რუსი სამშვიდობოები ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

„ამგვარი ბრალდებები ჩვენი მისამართით აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი არაფერს ემყარება. ამის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ კონტაქტებს სომხურ მხარესთან. სომხეთი იყო და რჩება ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირედ, პარტნიორად, ჩვენთვის ახლობელ ქვეყნად. ასევე, ვაგრძელებთ კონტაქტებს აზერბაიჯანთან. ის ასევე არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კონტაქტებს ყარაბაღში სომხებთანაც“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივნის თქმით, სომხურმა მხარემ აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად.

„მოცმეულ მომენტში ამან არსებითად შეცვალა რიგი დებულებები და ჩვენ არ ვიღებთ ასეთ საყვედურებს ჩვენი მისამართით, მით უმეტეს, რომ არის სომხური მხარის გადაწყვეტილება ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შესახებ. დე იურე ახლა საუბარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ თავის ტერიტორიაზე მოქმედებებზე. ჩვენი სამხედროები არ არიან დაკავებული სქოლასტიკით, ისინი ასრულებენ კონკრეტულ საქმეს, მშვიდობისმყოფელების როლს, ეხმარებიან საშიში ზონებიდან სამოქალაქო მოსახლეობას ევაკუაციაში, უმთავრესად, ბავშვებს. ეს სამუშაო გრძელდება დღისით და ღამით. ძალისხმევა გრძელდება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button