მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები დათანხმდნენ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხება 20 სექტემბრის 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით. ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მიიღეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო პირობებად ასახელებს ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციებს დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლას და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას. ასევე, ყველა სახეობის იარაღის და მძიმე ტექნკის ჩაბარებას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ პროცესების რეალიზაცია უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საინფორმაციო შტაბმაც გამოაცხადა, რომ დათანხმდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის წინადადებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, 20 სექტემბრის 13:00 საათიდან. შტაბის თანახმად, მიღწეულია რუსეთის საშვიდობო კონტინგენტის დისლოკაციის ზონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების დარჩენილი ქვედანაყოფების გაყვანის და ყარაბაღის თავდაცვის არმიის დაშლის და სრული განიარაღების შეთანხმება. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, რეინტეგრაციის და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრების და საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებზე 21 სექტემბერს, ქალაქ ევლახში გაიმართება ადგილობრივი სომხური მოსახლეობის და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა.

სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტისა და შეთანხმებების შესახებ აზერბაიჯანსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს შორის ოფიციალური საინფორმაციო წყაროებიდან შეიტყო.

ფაშინიანის განცხადებით, შეთანხმების ტექსტი სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით ერევნისთვის გაუგებარია, რადგან 2021 წლის აგვისტოდან სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხური მხარე ცნობად იღებს არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების საკითხს რაც შეეხება, თუ სამშვიდობოებმა გააკეთეს ასეთი წინადადება, მაშინ ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მათ სრულად და ამიერიდან დათქმის გარეშე აიღეს სრული ვალდებულება, უზრუნველყონ სომხების უსაფრთხოება ყარაბაღში, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სრულფასოვანი პირობები, რათა შენარჩუნდეს ყარაბაღის სომხების უფლება, იცხოვრონ საკუთარ სახლებში, მიწაზე და იცხოვრონ ღირსეულად და უსაფრთხოდ. მე მჯერა, რომ ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი სრულად იღებს ამ პასუხისმგებლობას, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვქონდა მოსაზრება, რომ ეს პასუხისმგებლობა რუსეთის სამშვიდობო მისიას დაეკისრა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმით რუსული სამშვიდობო კონტინგენტი სრულად შეასრულებს თავის მოვალეობებს, რაზეც გარკვეული დათქმები გვქონდა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

19 სექტემბერს ერევანში, მთავრობის შენობასთან, ფიზიკური დაპირისპირება იყო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.

აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.

აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ და რუსეთმა.

სომხეთის სახალხო დამცველმა ანაიტ მანასიანმა დღეს, 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში დაიღუპა 32 და დაიჭრა 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.

სომხეთის ომბუდსმენის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 32 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს.

გავრცელებული ცნობით, მთიანი ყარაბაღიდან ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები.

სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმის სტეფანაკერტში. სროლა ისმოდა ღამის განმავლობაშიც. ადგილობრივ მოსახლეობას ღამის გათენება თავშესაფრებსა და სარდაფებში მოუწიათ.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ქალაქ სტეფანაკერტს ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღის საშიში რაიონებიდან რუსი სამხედროების მიერ ორი ათასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ევაკუირებულთა ნახევარზე მეტი ბავშვია.

„სულ ევაკუირებულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები, მათგან 1049 ბავშვია. ყველა ევაკუირებული უზრუნველყოფილია დროებითი განთავსების ადგილითა და ცხელი საკვებით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button