საქართველოში ბანკების უმრავლესობა საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ

“საქართველოს ბანკი”, TBC ბანკი, “ლიბერთი”, “ტერა ბანკი” “ბაზის ბანკი” და “პროკრედიტი” აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.
„ტერაბანკი“ საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს”, – უთხრეს ბანკში bm.ge-ის.
„სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.
სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას“, – ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.
“ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება”, – უთხრეს პროკრედიტ ბანკში ბიზნესფორმულას.
“ბაზისბანკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში”, – უთხრეს ბანკში bm.ge-ის.
განცხადებები დილიდანვე გაავრცელეს თი ბი სი-მ და “საქართველომ”.
საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი – “საქართველოს ბანკი” აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან.
“ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას”, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკი, “თიბისი” აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან.
“აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში”, – აცხადებენ “თიბისი ბანკში”.
პერსონალური მონაცემების დაცვის გამო მედიას ბანკმა ვერ უთხრა, მოუწიათ თუ არა საქართველოს რომელიმე მოქალაქისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა.
ქართუ ბანკის განცხადებით, შეასრულებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, დაიცავენ საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებსა და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ბანკი სარეკლამო რელიზში იმეორებს ნათია თურნავას განცხადების შინაარსს, რომ კომერციული სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან ის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით
ბანკი ქართუ, ასევე, თავს ესხმის ნაციონალური მოძრაობას და ოპოზიციურ პარტიებს აშშ-ს მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა – სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც “კონსტიტუციის დარღვევად” შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.
დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თურნავა უნდა გადადგეს და ბათილად უნდა გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშებზე წვდომა 18 სექტემბერს შეზღუდა. ამის შემდეგ, “ოცნებამ” სებ-ი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, რასაც თურნავას უწყების მხრიდან, ფარცხალაძისთვის გამონაკლისის დაშვება და საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა მოჰყვა.
მიზეზებზე დღეს ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ისაუბრა და თქვა, რომ სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა და სასამართლოს განაჩენამდე, საქართველოს მოქალაქისთვის, სანქციების აღსრულება იქნება შეჩერებული.
თურნავას გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სებ-ის ორი ვიცე-პრეზიდენტი. პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დღეს თანამდებობები დატოვეს