მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყალი მთვარის ზედაპირის იმ ნაწილზე, სადაც მზე ანათებს.
აღნიშნული ინფორმაცია NASA-მ გასული წლის 26 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერეციაზე დაადასტურა.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, მთვარეზე არსებულ მცირე ზომის კრატერებზე ყინული “დატყვევებულია”. ეს აღმოჩენები ნიშნავს, რომ წყალი მთვარის ზედაპირზე გაცილებით უფრო დიდი ოდენობითაა, ვიდრე ითვლებოდა. ორივე კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მთვარეზე წყლის შესაძლო არსებობის პირველი მტკიცებულება 2008 წელს, ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა Chandrayan-1-მა დაადასტურა, მაგრამ მხოლოდ მიუღწეველ ადგილებში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე მუდმივად ჩრდილში მოქცეულ დიდ კრატერებში. ასეთი კრატერები სახიფათოდ ცივია – ტემპერატურა 240 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდის..
2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ასტრონავტებს მომავალ ექსპედიციებში ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ წყალი მთვარის სხვა, ნაკლებად მომაკვდინებელ რეგიონებში.
მთვარეზე წყლის მოპოვება მიმზიდველი იდეაა ნებისმიერისთვის, ვისაც მთვარეზე ბაზის ან დასახლების აგება სურს. გაწმენდის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება სასმელ წყლად ან მცენარეების მოსარწყავად. ასევე, შესაძლებელია წყლის დაშლა შემადგენელ კომპონენტებად – წყალბადი და ჟანგბადი – და მისი გარდაქმნა რაკეტის საწვავად.
მთვარეზე მარაგების გაგზავნას დიდი დრო, ენერგია და ფული სჭირდება, თუ ასტრონავტებს შეეძლებათ იმ მარაგების გამოყენება, რაც მთვარეზე დახვდებათ, ეს დიდ ენერგიას, დროსა და რესურსს დაზოგავს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში NASA პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ადამიანების მთვარეზე გაგზავნაზე ფოკუსირდებოდა, რისი საბოლოო მიზანიც დედამიწის თანამგზავრის თვითმყოფადობა იყო. ახალი დაკვირვებები ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის.