მტკვარში ბავშვი დაიხრჩო
ქვემო ფონიჭალის მიმდებარედ, მდინარე მტკვიდან, ორი არასრულწლოვანი მაშველებმა გამოიყვანეს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც შენიშნეს, რომ ბავშვები ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარებამ უკვე საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორეს კი, ადგილზე რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას, 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა. მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი.” – ნათქვამია განცხადებაში.