მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტრის ჯარებმა კრივოი როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხიეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მტრის ჯარებმა კრივოი როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხიეს.

მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, სადემარკაციო ხაზი კი ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გადავიდა.

თავდაცვის ძალების განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხელში მტრის სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს.

როგორც გენერალური შტაბის ოპერატიულ რეზიუმეშია ნათქვამი, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს კიევის ოლქის ქალაქი ირპენი და განაგრძობენ ოკუპანტების განდევნას, თუმცა, კიევის ოლქის ამ ნაწილის უსაფრთხოებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კონტროლს ინარჩუნებენ კიევის ოლქის ჩრდილოეთში და დანაკარგების აღდგენას ცდილობენ.

უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებაა, სიტუაცია გაწონასწორებულად, გონივრულად და წარმატებების გამო ზედმეტი ეიფორიის გარეშე აღიქვან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ისევ სჭირდება დრო, შეიარაღება, ბრძოლა და მოთმინება.

მისივე ინფორმაციით, სიტუაცია ჯერ ისევ ძალიან რთული და დაძაბულია ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის ოლქებში, დონბასსა და უკრაინის სამხრეთში.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button