“მწვადი, ხინკალი, ჩაქაფული, ხაშლამა, ტვინი კეცზე” – რაში იხარჯება თელავის ბიუჯეტი
“ღორის მწვადი, ხინკალი, ჩაქაფული, ხაშლამა, ტვინი კეცზე”, – “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” კახეთის რეგიონული კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი ირწმუნება, რომ ასეთ მენიუში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველდღიურად ათასობით ლარს ხარჯავს.
შოშიაშვილმა თელავის თვითმმართველი თემის “ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა” გააპროტესტა; მუნიციპალიტეტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია თუ რა თანხებს ხარჯავენ გამგეობის თანამშრომლები რესტორნებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
“პრაქტიკულად ყოველდღიურად ასეთი მენიუ აქვს გამოწერილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას რესტორნებში, რომლის ასანაზღაურებლად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” ვალერი შოშიაშვილმა.
ის განმარტავს, რომ დოკუმენტაცია, რომელიც სარესტორნე ხარჯის ამსახველია, მასში მითითებული არ არის კონკრეტულად თუ რა ვიზიტს ემსახურება გაწერილი თანხები და რამდენ ადამიანზე იყო სუფრა გათვლილი.
შოშიაშვილის ბრალდებებს თელავის გამგებელი გამოეხმაურა. ალექსანდრე შათირიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობას სტუმრების გამასპინძლებისთვის წლის განმავლობაში ბიუჯეტში 27 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.
შათირიშვილის ინფორმაციით, “თელავს სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავები გაცილებით ბევრი სტუმარი ჰყავს, ამიტომ გამგეობას 4 თვის მანძილზე მათი გამასპინძლება ჯერ მხოლოდ 8 ათასი ლარი დაუჯდა”.