“მწვანე პასპორტების” ამოქმედებას ბიზნესი იწონებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მწვანე პასპორტების“ შემოღებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის საკმაოდ დროული, ვინაიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა მოხდეს საგანგაშო მაჩვენებლების კლება.
“მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული „მწვანე სტატუსი“ არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული, ვინაიდან სტატუსის მოპოვება შესაძლებელია როგორც ვაქცინაციის, ასევე შესაბამისი ტესტირების ჩატარებისა და კოვიდ ვირუსის გადატანის შემთხვევაში. ასევე მიგვაჩნია, რომ ობიექტების ჩამონათვალიც საკმაოდ სამართლიანად არის წარმოდგენილი და არავაქცინირებულ პირებს არ შეეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
„მწვანე პასპორტების“ ამოქმედება არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პოზიტიური მაგალითი და ვიმედოვნებთ, რომ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს. აღნიშნული რეგულაციის შემოღებამ საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და იმედია, რომ ამ მექანიზმის ამოქმედებითა და აღსრულებით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება.
აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს და მასში დასაქმებულ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად“ – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.