მნიშვნელოვანისიახლეები

წელიწადში ერთხელ ასეთი ხუმრობა უნდა დავაკანონოთ-კობახიძის განცხადებას მდინარაძემ ხუმრობა უწოდა

პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონს ვეტოს დაადებს მას პარლამენტი დაძლევს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონში ცვლილებები პრეზიდენტს არ გაეგზავნება და ძალაში მისი ხელმოწერის გარეშე შევა.

“გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში”, – თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მდინარაძის მტკიცებით, კობახიძემ “იხუმრა”, რომ კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევა.

“როგორც კი ირაკლი კობახიძემ ერთი მარტივი ხუმრობით, წარმოიდგინეთ, ნახევარსაათიანი ხუმრობით, არც იყო პრინციპში მეტზე გათვლილი, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ შესული იყო, მანამდე, სერიოზული სახეებით, აღშფოთებულები იყვნენ და იყვნენ აღშფოთებულები იმაზე, რასაც ამტკიცებდნენ ბოლო სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში. წარმოიდგინეთ, რაში გაეხვნენ და წელიწადში ერთხელ, მაგალითად, ასეთი ხუმრობა უნდა დავაკანონოთ, სავალდებული უნდა იყოს, რომ ამათი უმეცრება, არაკომპეტენტურობა და მავნებლობა დავამტკიცოთ”, – ამბობს მდინარაძე.

​პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “შეკრებისა და მანიფესტაციების” შესახებ მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს, მას პარლამენტი დაძლევს.

“რა თქმა უნდა, ფუჭი ვეტო იქნება. პარლამენტი დაძლევს ამას. იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და, მათ შორის, პასუხობს იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. და თავადვე ადასტურებენ, საბოლოო ჯამში, ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან, ვინც არიან რადიკალური ჯგუფის ნაწილი ან წამხალისებლები. ამიტომ, ეს პროცესი, მათ შორისმ ლუსტრაციაც იყო ძალიან კარგი. მარტშიც ვიხილეთ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან, “კაგებეს”
სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკები, რომ მოახდინონ ბრენდირება რაღაც თემის.
სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მაშინ მოუმზადებელი იყო ამ პორპაგანდისთვის. ეხლა უკვე მომზადებულია,” – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი – 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში “ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ”.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
საკანონმდებლო ცვლილებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, მმართველი პარტია კი მის აუცილებლობას ასაბუთებს სუსის განცხადებით, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გადატრიალება მზადდება.

საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button