მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ნახვამდის, ქემალ” – ერდოღანი კვლავ თუქეთის ლიდერია

"ქართული ოცნება" და პრეზიდენტი ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

უკვე მესამედ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია – მეორე ტურის შედეგები ცნობილია. ერდოღანმა ხმების 52%-ზე მეტი მოიპოვა. გამარჯვება მან მხარდამჭერებთან ერთად, ჯერ კიდევ შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე აღნიშნა.

“ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი” – განაცხადა პრეზიდენტმა. “ნახვამდის, ქემალ” – ასე მიმართა ერდოღანმა მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.

“ახლა დროა ყველა კონფლიქტი და დებატები არჩევნებთან დაკავშირებით გვერდზე გადავდოთ და ჩვენი ეროვნული მიზნებისა და ოცნებების ირგვლივ გავერთიანდეთ.

ინფლაციის შედეგად ფასების მატებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება და კეთილდღეობის დანაკარგების კომპენსირება, მომავალი პროცესის ყველაზე აქტუალური საკითხია. ამ საკითხების გადაწყვეტა ჩვენთვის რთული არ არის. ნდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და ჩვენ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ავაშენებთ ძლიერ ეკონომიკას ამ წესების ირგვლივ,” – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მარცხი აღიარა თავად ოპოზიციონერმა კანდიდატმაც და ბრძოლა “ნამდვილ დემოკრატიამდე” დაანონსა.
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განვლილი არჩევნები ბოლო წლების ყველაზე უსამართლო პროცესად შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებზე მკაფიოდ გამოვლინდა ხალხის ნება ავტორიტარული მმართველობის ცვლილებისთვის.

„ჩვენ გვქონდა ბოლო წლების ყველაზე არასამართლიანი საარჩევნო პროცესი. სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობა მობილიზებული იყო ერთი პოლიტიკური პარტიისთვის. ისინი ერთ კაცს გაუფინეს ფეხქვეშ. მე ვიბრძოდი, რათა თქვენ კეთილდღეობასა და სიმშვიდეში გეცხოვრათ. გავაგრძელებ ამის კეთებას“, – მიმართა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ამომრჩევლებს.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.

“ქართული ოცნება” რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც მმართველი ძალის განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში, რაც გამოიხატა არჩევნების შედეგებში.

“ქართული ოცნება” ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და “სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.

თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს თავის მხრივ არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა.

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.

გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება,”-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება “ტვიტერზე” მიულოცა.

როგორც ზურაბიშვილი წერს, საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან და მომავალში ამ ურთიერთობის გაღრმავებას ელის.

“ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button