მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უახლოეს კვირებში ომის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ჩქარობს ახალი მასშტაბური შეტების წამოწყებას, რადგან სურს, რომ ფრონტის ხაზზე, ახალი დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ზოგიერთი რუსი ნაციონალისტი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის შესაძლებლობას, თებერვლის ბოლოს წარმატებული შეტევა განახორციელოს.

რუსი სამხედრო პროპაგანდისტის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს შეზღუდული ვადა აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დასაწყებად. ამავე დროს, უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული, იგორ გირკინი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადამწყვეტი შეტევა წარმატებას ვერ მიაღწევს მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენს მეტი შრომის მობილიზებას მრეწველობისა და ეკონომიკისთვის. მისი თქმით, ამის გარეშე შეტევა მალე კულმინაციას მიაღწევს.

“რუსეთის სამხედრო სარდლობა, როგორც ჩანს, ჩქარობს გადამწყვეტი შეტევის დაწყებას, სავარაუდოდ, დასავლეთის სამხედრო დახმარების უკრაინაში ჩასვლამდე”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსული ძალები ფართომასშტაბიანი გადამწყვეტი შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში თებერვლის შუა რიცხვებიდან ემზადებიან.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უახლოეს კვირებში ომის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან ცდილობს უკრაინაში ძირითადი შეტევითი ოპერაციების აღდგენას. კრემლის მიზანი დონეცკიოს რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაპყრობაა. თუმცა, დაზვერვა ამბობს, რომ რუსული ჯარები კვირაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით ახერხებენ წინსვლას.

“2023 წლის იანვრის დასაწყისიდან რუსეთი უკრაინაში ძირითადი შეტევითი ოპერაციების აღდგენას ცდილობს. მისი ოპერატიული მიზანი, რა თქმა უნდა, დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დარჩენილი ნაწილების ხელში ჩაგდებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, რუსული ჯარები კვირაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით ახერხებენ წინსვლას. მათი განცხადებით, ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთს ახლა აკლია საბრძოლო მასალები და მანევრირების ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა წარმატებული შეტევითი ოპერაციებისთვის.

“რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, განაგრძობენ ფართომასშტაბიანი შეტევითი ქმედებების მოთხოვნას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ძალების შეკრება შეძლოს, რათა ომის შედეგზე უახლოეს კვირებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button