მანდატების დატოვება “ნაციონალურ მოძრაობაში” ისევ დაპირისპირების მიზეზია

მანდატების დატოვება “ნაციონალურ მოძრაობაში” ისევ დაპირისპირების მიზეზია. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ პარტია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის, თუმცა მანდატებს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. ამ საკითხს კი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.
“ვინმე ეთანხმება თუ არა საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტას, ამის განმარტება ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ფრაქციის წარმომადგენელს თვითონ მოახდინოს. რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომლის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მიიღეს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ კონსულტაციებს როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან, რომელიც დღეს წარმოდგენილია პარლამენტში,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.
ეს პოზიცია მიუღებელია ყოფილი თავმჯდომარისთვის და პარტიის წევრების ნაწილისთვის, რომლებიც თვლიან, რომ თუ პარტია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის მაშინ დეპუტატებმა მანდატებიც უნდა დატოვონ.
“არის განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მე ჩემი თანაგუდნელებისგან ვერ მოვისმინე არგუმენტი, რომ როდესაც პარლამენტს დავტოვებთ და რისი მომხრეც მე ვარ, თბილისისა და სხვა საკრებულო როგორ არ უნდა დავტოვოთ. ანუ მიშას თუ კლავენ, მარტო პარლამენტში ეტყობა ეს ამბავი და საკრებულოებში არა? მე ვისურვებდი ყველა საკვანძო საკითხი პარტიის შიგნით იხილებოდეს,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ანა წითლიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას ბოიკოტის რეჟიმთან დაკავშირებით, ოპოზიციის სხვა წევრებიც უერთდებიან. მაგალითად, სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ რეჟიმში იქნებიან მანამ, სანამ საერთო ოპოზიციური შეთანხმება არ შედგება.
“ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუკი ასეთი შეთანხმება არ იქნება, “სტრატეგია აღმაშენებელი” უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს “ქართულ ოცნებასთან” წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური პროექტის. რაც შეხება მანდატების საკითხს, ეს არის დროის ამბავი. მანდატის დატოვება არის უკანასკნელი ფორმა, ამის შემდეგ არის ქუჩა და სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ მაქსიმალურად ვირიდებთ თავიდან სამოქალაქო დაპირისპირებას და მანდატის დატოვების შემდეგ რჩება ქუჩა,” – – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი კი აცხადებს, რომ ბოიკოტს და აქციებს მთელი პასუხისმგებლობით უერთდება. ხოლო, რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ამაზე თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა, მაგრამ ეს თუ მოხდება, ამ საკითხშიც ერთიანი პოზიცია ექნება.
მანდატების დატოვება “ნაციონალურ მოძრაობაში” ისევ დაპირისპირების მიზეზია. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ პარტია ბოიკოტის რეჟმზე გადადის, თუმცა მანდატებს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. ამ საკითხს კი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.
ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან” – ასე გამოეხმაურა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ნაციონალური მოძრაობაც” “სიმულანტობენ”.
“ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან.
ა,ი როგორი “ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც” დაიწყეს, ისეთივე “ბოიკოტს” აცხადებენ ესენიც და ნაცებიც. სიმულანტობენ,” – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტარი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის ახლადდაკომპლექტებულ პოლიტიკურ საბჭოს ისიც დატოვებს.
30 იანვარს, შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, ნაყოფიამ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
მოგვიანებით, 5 თებერვალს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართა ყრილობა, სადაც ახალი პოლიტსაბჭოს ნაწილი აირჩიეს.
ახალ პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელია და მისი მხარდამჭერების ნაწილი.
ნაყოფია „პარლამენტარების კვოტით“ შეიყვანეს პოლიტსაბჭოში, თუმცა მან 7 თებერვალს პირდაპირ ეთერში გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ მმართველ ორგანოს ტოვებს.
მან გააკრიტიკა პოლიტსაბჭოს არჩევის ფორმა და თქვა, რომ „ჩატარდა ისე ჩუმად, რომ ვერავინ გაიგო“:
„ყოფილი პოლიტსაბჭო [2016 წელს] აირჩიეს 10000-კაციან ყრილობაზე, ახლა კი ეს პოლიტიკური საბჭო 300 – კაციანი ყრილობით გადაირჩიეს“, – განაცხადა ნაყოფიამ
ორი დღით ადრე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დამტკიცება შეაფასა, როგორც „ფარდის მიღმა მყოფი ადამიანების მიერ პოლიტსაბჭოს არჩევითობის გაუქმება“.
„ნაციონალურუ მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა 6 თებერვალს უპასუხა მელიასა და სხვების კრიტიკას და განაცხადა, რომ ყრილობა ჩატარდა „დემოკრატიული პროცესით, რომელიც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას, ნიკა მელიაზე კი თქვა:
„[პოლიტსაბჭოში დამატებით] 73 ადამიანი იქნება არჩეული პირდაპირი არჩევნებით. ყველას, მათ შორის ნიკა მელიას, შეუძლია ნებისმიერ რაიონში დააყენოს კანდიდატურა და გაიმარჯვოს არჩევნებში“.
ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა გააკრიტიკა ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ, „არადემოკრატიული“ უწოდა მას და მანაც დატოვა პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანო. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს აკო მინაშვილმა და გიორგი კირთაძემ.
პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ბოიკოტის გამოცხადებას პარლამენტის მუშაობისთვის,”უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის.”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ის “უშედეგოდ საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს არ ემხრობა”.
დეკანოიძის განმარტებით, პროცესის არასწორად განვითარებამ შესაძლოა მარგინალიზაცია გამოიწვიოს.
“მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.
თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) – ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა – უფრო არ გაუშვებენ მიშას.
მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს.
რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის”, – წერს ხატია დეკანოიძე.
ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით ქართულ ოცნებას მხოლოდ კომფორტი ექმნება. ამის შესახებ ეს Facebook-ზე წერს.
“რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით – კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას”, – აცხადებს მელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გუშინ, 6 თებერვალს უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.