მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ჯარმა რუსეთის მიერ გაშვებული 41 რაკეტდან 21 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენეს 41 ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და მართვადი საზენიტო რაკეტა. უწყების თქმით, მათ 41-დან 21 რაკეტა გაანადგურეს.

“ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას საკრუიზო, ბალისტიკური, საავიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტებით შეუტია. ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 რაკეტა დაფიქსირდა. საჰაერო ძალებმა 15 საკრუიზო, 5 ბალისტიკური და 1 მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალებმა დნიპროში, რუსული რაკეტა X-59 ჩამოაგდეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა” ავრცელებს.

“16:00 საათზე საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დნიპროს თავზე მტრის რაკეტა დაფრინავდა და უკვე 16:08 საათზე გაჩნდა ინფორმაცია მისი აფეთქების შესახებ” – წერს უწყება.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. 1 – კიევში, 1- დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და 3 – ქალაქ ხარკოვში. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით შენობა, მათ შორის სახლები და სასწავლო დაწესებულებები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა კიევსა და ხარკოვზე დარტყმები ჩაითვალოს პასუხად ქალაქ დონეცკის ბაზარზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის გამოც რუსეთმა უკრაინის არმია დაადანაშაულა. „არა, არ შეიძლება“, – იყო პესკოვის პასუხი.

უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის მტკიცებით, ბაზარზე საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირი უარყვეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button