მნიშვნელოვანისიახლეები

ნანა მალაშხია კოალიციას “ცვლილებისთვის” შეუერთდა

კოალიციას ცვლილებებისთვის საჯარო მოხელე, მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია და ბიზნესმენი ივა ჭყონია შეუერთდნენ. გუნდის ახალი წევრები კოალიციის ლიდერებმა ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ ღონისძიებაზე წარადგინეს.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე აქ და ახლა, თქვენს წინაშე. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა, მე ამაში დავინახე შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის. ცვლილებებისათვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში უიმედობას, ცვლილებებისათვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ შიშებს, ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკურ იარაღად აქცია და დააკანონა კიდეც. ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას, ავტორიტარიზმს და ბელადომანიას, ცვლილებები, რომელიც გაათავისუფლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჯარო სამსახურებს პარტიული გავლენებისგან. ცვლილებები, რომლებიც მოიტანს იმედს, ბედნიერების განცდას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას. ცვლილებები, რომელიც მოიტანს დაბალანსებულ, მრავალპარტიულ, კოალიციურ მმართველობას. ცვლილებები, რომელიც განხორციელდება ქართული ქარტიის ფარგლებში. ცვლილებები, რომელიც დაგვიბრუნებს მეგობრებს და პარტნიორებს. ეს არის ის ცვლილებები, რომლისთვისაც მინდა ვიბრძოლო თქვენთან ერთად. ამ გუნდთან ერთად და მადლობა ამ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის. მითხრეს, შენ გააკეთე შენი მაქსიმუმი, მაგრამ ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას, ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა! გამარჯვების დროა! , – ამბობს ნანა მალაშხია.
47 წლის ნანა მალაშხია, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, საჯარო მოხელეა. ის თბილისის მერიაში, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.
7 მარტის აქციის მონაწილე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.=

ივა ჭყონია “კოალიცია ცვლილებისთვის” გუნდს შეუერთდა. ამომრჩეველს ის კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ წარუდგინა.

“დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას. სამოქალაქო პლატფორმიდან არაერთხელ მიბრძოლია და არაერთხელ მისაუბრია იმ პრობლემებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ ამიხსნია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნეს წარმომადგენლებისთვის, რა კეთილდღეობა მოიტანა ევროპამ, რა კეთილდღეობა მოიტანა ამერიკამ და რა კეთილდღეობა შეიძლება დავკარგოთ ხვალ და ზეგ, თუ არ მივიღებთ იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც 26 ოქტომბერს არის მისაღები. სანამ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბოლო პერიოდში, არაერთ კერძო სექტორის წარმომადგენელთან მქონდა ინტენსიური შეხვედრა და ნურავის ნუ ჰქონია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები როდისმე პრორუსულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კერძო სექტორი დგას იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი მომავალი არის ევროპაში, არის ჩვენს პარტნიორებთან აშშ-ში. მინდა შევახსენო სახელმწიფო მოხელეებს, დონორების დაფინანსებულ ძალიან ბერ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, ზურგი აქციეს. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს შევცვლით და “კოალიცია ცვლილებისთვის” სწორედ რომ იქნება ხერხემალი, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, ჩვენ შევკრავთ ყველაზე მაგარ კოალიციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანს, სადაც იქნება ის ლაღი ცხოვრება, სადაც ამდენი ემიგრანტი არ გვეყოლება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ჩვენი ემიგრანტების ოჯახებს, რომლებიც აქ არიან დარჩენილი, დღეს, ჩვენ უნდა გადავდგათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ამდენი ემიგრანტი და ამდენი სოციალურად დაუცველი არასდროს ჰყოლია ამ ქვეყანას. ის, რასაც ჩვენ დღეს გვიჩვენებენ არის ციფრები. კეთილდღეობა იქნება ცვლილებებში, კეთილდღეობა იქნება კოალიციასთან ერთად. აირჩიეთ 4!”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

კოალიცია ცვლილებებისათვის აერთიანებს პარტია ახალს, გირჩი – მეტი თავისუფლებას, დროას.

მსგავსი პოსტები

Back to top button