რეგიონი

თელავში მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით მუშაობს

თელავში მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით მუშაობს.
ინფორმაციას ამის შესახებ, თავად მუნიციპალიტეტის მერია ორი დღის განმავლობაში აქვეყნებს.
განცხადებაში მითითებულია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი შეფერხებით, ან საერთოდ არ მუშაობს.
თელავის მერიას დაქვემდებარებულ სატრანსპორტო სამსახურში განმარტავენ, რომ შეფერხების მიზეზი, თოვლი და ყინვაა,
რომლისთვისაც ავტობუსები გათვალისწინებული არ არის.

” თელავში რთული რელიეფია, აღმართებითა და დაღმართებით და რაც არ უნდა საბურავები ჰქონდეს, ამხელა ტრანსპორტის დამორჩილება ძნელია. ესენი ასეთი ამინდებისათვის არ არის გათვალისწინებული. დღეს იმუშავებენ, მაგრამ ამინდი ისევ გაუარესდა და ვნახოთ”– განაცხადა სატრასპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვანო იორდანიშვილმა.

მუნიციპალური ავტობუსები თელავში ექვსი მარშრუტით მოძრაობენ და ქალაქის თითქმის ყველა უბანს, ერთი საათის ინტერვალში ემსახურებიან.
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება და შესაბამისი მარაგიც არსებობს.
ამის მიუხედავად, ავტობუსებს გადაადგილება უჭირთ, რაც მგზავრების შეფერხებას და ლოდინის დროის გახანგრძლივებას იწვევს.
ავტობუსები კახეთისა და სხვა რეგიონებისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიძინა.
მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში გასული წლის 8 თებერვლიდან მოძრაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button