
უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. შეხვედრა დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე შედგება.
ამასთან აშშ-ის ექსპრეზიდენტი, ბარაკ ობამა 24 თებერვალს განცხადებას ავრცელებს და გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრას, რითიც უერთდება სხვა ყოფილ პრეზიდენტებს – ჯორჯ ბუშს, ბილ კლინტონს და ჯიმი კარტერს.
ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის თავზეხელაღებული მოქმედება უკრაინას სცდება და საერთაშორისო წესრიგს უქმნის საფრთხეს.
“ყველა ამერიკელმა, განურჩევლად პარტიისა, მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ ბაიდენის ძალისხმევას, ჩვენს უახლოეს მოკავშირეებთან კოორდინაციით, რათა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესდეს – სანქციები, რომლებიც რუსეთის ავტოკრატ ლიდერებს რეალურ საფასურს დააკისრებს” – წერს ობამა თავის განცხადებაში.
აშშ-ის ცოცხალი ექსპრეზიდენტებიდან მხოლოდ დონალდ ტრამპი რჩება, რომელსაც ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ. ტრამპი გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ახლახან მიცემულ ინტერვიუში მან პუტინს “გამჭრიახი” უწოდა უკრაინასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯების გამო.