ნაცემი ახალგაზრდების მშობლები ქუთაისის პოლიციასთან
ქუთაისის პოლიციის მეოთხე განყოფილებსათან სოციალური საცხოვრებლის მობინადრეები არიან შეკრებილები. ისინი წუხელ მომხდარი ძალადობის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველები 15 წლის გოგონას და მის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციამ გარეთ მდგომ ახალგაზრდებს სახლში შესვლისკენ მოუწოდა, რის გამოც დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავება სცადეს, თუმცა ჩხუბში სხვა არასრულწლოვნებიც ჩაერივნენ.
15 წლის გოგონას დედა აცხადებს, რომ სწორედ ამ დროს გაუსწორდა ფიზიკურად სამართალდამცველი მის შვილს და რამდენიმე მოზარდს.
ამ დრომდე არ იციან იმ მოზარდის ადგილსამყოფელი, რომლის დაჯარიმებასაც პოლიცია აპირებდა.
„ღამის საათებში კომენდანტის საათია და ვერ გამოვდივარ გარეთ. ახლა 6 საათზე დამთავრდა კომენდანტის საათი. მოვედი, ვეძებ და ვერ მივაგენი ბავშვს. ტელეფონი არ აქვს, გათიშული აქვს და არ ვიცი სადაა, ვეძებ მოვედი, მაინტერესებს, რა მოხდა წუხელ. ერთი ბავშვი ნაცემია, სახლშია და ჩემი საერთოდ არაა“. – აცხადებს ბიჭის დედა.
მეზობლების თქმით, პოლიცია მოზარდზე ძალადობდა.
„ბავშვი იყო აქ და რატომ დგეხარო, ჯარიმა გეკუთვნისო. დამაჯარიმეთ მაშინო. მოკიდეს ხელი და ურტყამდნენ, მოკვდა ბავშვი. გამოვვარდით და გამოვცვივდით. ბავშვს ურტყამდნენ. გარეთ არ იყვნენ, ფოიეში იყვნენ“. – აცხადებენ მეზობლები.
ინციდენტის შემდეგ ერთი არასრულწლოვანი გაქცეულია, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მოისმინეთ მშობლების და პოლიციელის კომენტარები.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ პოლიციელს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა ადამიანი, რომელსაც კომენდანტის საათის შემდეგ გარეთ ყოფნის გამო შენიშვნა მისცეს.
გომელაურის უწყების ცნობით, ამის შემდეგ მისი დაკავება სცადეს, თუმცა მეზობლებმა ამის საშუალება არ მისცეს და პოლიციელებს ისინიც დაუპირისპირდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა”. – აცხადებენ უწყებაში.
რატომ ეძებს პოლიცია მხოლოდ ერთ პირს, როგორ გაექცა იგი კომენდანტის საათის დროს, რატომ არიან ნაცემი არასრულწლოვნები და სად იმყოფება ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც მშობელი ვერ პოულობს, ამაზე გომელაურის უწყება დუმს.