მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ მეშვიდე პუნქტის თანახმად 300 ათასის ნაცვლად, ერთი მილიონი ადამიანის გაწვევას ვარაუდობს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადგენილების საიდუმლო მეშვიდე პუნქტი თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს გაიწვიოს ერთი მილიონი ადამიანი. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა – ევროპას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყარომ განუცხადა.

ერთი დღით ადრე, იურიდიული ინფორმაციის პორტალის ვებგვერდზე ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების სკანირება გამოქვეყნდა რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემოღების შესახებ. განკარგულების მეშვიდე პუნქტი მონიშნულია გრიფით: „ოფიციალური გამოყენებისათვის“. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საიდუმლო პუნქტი ეხებოდა რეზერვისტთა რაოდენობას, რომლებიც შეიძლება სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.

”ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სერგეი შოიგუმ თავის ინტერვიუში თქვა: ”300 ათასი ადამიანი”. აქ საუბარია 300 ათასამდე ადამიანზე“ – განაცხადა პესკოვმა.

„ნოვაია გაზეტა – ევროპას“ თანამოსაუბრემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზი გაუსვა, რომ თავდაპირველად, განიხილებოდა განკარგულების მთლიანი ტექსტის „ოფიციალური გამოყენებისთვის“ გრიფით შეყვანის საკითხი, რასაც მხარს უჭერდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მოგვიანებით, წყაროს ცნობით, გადაწყდა გრიფის ქვეშ დაემალათ მხოლოდ მეშვიდე პუნქტი, რომელიც რეალურად ეხებოდა მობილიზებულთა რაოდენობას.

„ეს მაჩვენებელი რამდენიმეჯერ შესწორდა და საბოლოოდ, ისინი მილიონზე შეჯერდნენ“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.

ამ ინფორმაციის დასადასტურებლად „ნოვაია გაზეტა – ევროპა“ ასევე ცდილობდა დაკავშირებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, იღებენ პრეზიდენტის ბრძანებულებების სრულ ტექსტებს, მათ შორის კლასიფიცირებულს, როგორც „ოფიციალური გამოყენებისთვის“. რამდენიმე სამინისტროს წყაროს ცნობით, მათ ვერ მიიღეს განკარგულების სრული ტექსტი და ამის ნახვის საშუალება უწყებათაშორისო დოკუმენტების მართვის სისტემაში არ არსებობს.
გარდა ამისა კრემლი აცხადებს, რომ საბრძოლო ასაკის მამაკაცების გაქცევის შესახებ ცნობები გაზვიადებულია, მაგრამ საქართველოს საზღვარზე მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგები შეიქმნა. ამის შესახებ ბრიტანული BBC-ი წერს.

მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო გამოძახების ფონზე, მამაკაცები ცდილობდნენ ომს გაექცნენ.

„ზოგიერთმა თვითმხილველმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მანქანების რიგი დაახლოებით 5 კილომეტრის სიგრძის მქონედ შეაფასა, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფის თქმით, საზღვრის გადაკვეთას შვიდი საათი დასჭირდა“ , – წერს BBC-ი.

როგორც ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირე მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებს შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. გამოცემა იქვე დასძენს, რომ ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1,300 კმ-იანი საზღვარი აქვს, მოგზაურობისთვის ვიზას ითხოვს.

ამასთან, BBC-ი იტყობინება, რომ სხვა მიმართულებებზე, როგორიცაა სტამბოლი, ბელგრადი ან დუბაი, საჰაერო გზით მოგზაურობისთვის ბილეთების ფასები სამხედრო გაწვევის გამოცხადებისთანავე მკვეთრად გაიზარდა, ზოგიერთი მიმართულება კი მთლიანად გაიყიდა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button