„ნაცმოძრაობა“ ვერ იშლის ხელწერას, 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმით შეიჭრნენ „იმედში“, დღეს კი – საზოგადოებრივ მაუწყებელში, უბრალოდ ახლა მათ არ ჰყავთ სპეცრაზმი
დღეს, 1 დეკემბერს, 18:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება
საზოგადოებრივ მაუწყებელში საოცარი სცენარი იყო, საოცრება – არცერთი არაა დალაგებული. თუ დავაკვირდებით ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, წარმოუდგენელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიხილეთ.
„საოცარი სცენარი იყო, საოცრება. ვფიქრობ, ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა დაუთმოს არამხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ, ყველა ტელევიზიამ ეთერი. ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ, არცერთი არაა დალაგებული. თუ დავაკვირდებით ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. წარმოუდგენელია, რაც გუშინ ვიხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მინდა მადლობა გადავუხადო იქ მომუშავე ჟურნალისტს, ადამიანებს, ღირსეულად დადექით“,- აღნიშნა კალაძემ.
პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში რადიკალების შეჭრას ეხმიანება. დეპუტატმა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედში” “ნაციონალური მოძრაობის” შეჭრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა, თუმცა ამ შემთხვევაში მათ არ ჰყავდათ სპეცრაზმი, რადგან აღარ არიან ხელისუფლებაში.
სოზარ სუბარის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილი რადიკალების ძირითად ბირთვს ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლები წარმოადგენდნენ. ისინი თითქოს პირდაპირი ეთერის მოსათხოვნად მივიდნენ, მაგრამ, მისი განმარტებით, ეთერში დაჯდომის დროს აღმოჩნდა, რომ მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გარდა სამსახურის მოთხოვნისა.
სუბარის თქმით, დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, გაცილებით უარესად მოიქცეოდნენ.
სოზარ სუბარის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, რომელიც თავად გადაწყვეტს, როგორ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებს.
“ნაციონალური მოძრაობა” ვერ იშლის ხელწერას. როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს შეიჭრნენ იმედში და დაარბიეს სტუდია, სცემეს ჟურნალისტები, დაახლოებით იგივე ვნახეთ დღეს, როცა ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრნენ. კიდევ კარგი, ისინი დღეს აღარ არიან ხელისუფლებაში და არ ჰყავთ სპეცრაზმი, თორემ ხელწერა იგივეა და გაცილებით უარესად მოიქცეოდნენ. დღეს ისინი შეიჭრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, ცილს სწამებდნენ არხის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს…
ამის შემდეგ დასხდნენ ეთერში და აღმოჩნდა, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და მათი უმრავლესობა ითხოვდა სამუშაოს. ეს ადამიანები, ძირითადად ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც მრავალი წელია მუშაობდნენ ტელევიზიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებდა ქართული ჯარისგან მოპარული ფულით, მაგრამ მათ ამის არ რცხვენიათ. ახლა, როცა აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია იხურება, რადგან ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი აღარ აპირებს ამ ყოვლად ურეიტინგო და უპერსპექტივო არხის დაფინანსებას, გადაწყვიტეს, პირველ არხზე გადაბარგდნენ და იქ იშოვონ სამსახური და თბილი ადგილები. მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ გახდება ხელმოცარული და უნიჭო ადამიანების თავშესაფარი, ტელეკომპანიას აქვს სარედაქციო პოლიტიკა, ჰყავს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და ისინი თავად გადაწყვეტენ, ვისთან ითანამშრომლებენ და როგორ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებენ,”- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებლში შესულ ახალგაზრდებს ,,ნაციონალები,, უწოდა
ცნობისთვის, გუშინ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, რომელიც აქციის მონაწილეებთან პირადად ჩავიდა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და აქციის რამდენიმე მონაწილე პირდაპირ ეთერში, გადაცემაში მიიწვია. აქციის მონაწილეების შეფასებით, ისინი პირველ არხთან აქციას ყოველდღიურად გამართავენ, სანამ არხის დირექცია დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
დღეს, 1 დეკემბერს, 18:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება.
აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია:
1. გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი;
2. ყოველდღიურად, ეთერი დაეთმოს საზოგადოებას.
3. არ შეიზღუდოს მაუწყებლობა რეგიონებში.
**
30 ნოემბერს, საქართველოს პირველ არხთან აქცია გაიმართა.
მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში მიმდინარე პროცესების, მათ შორის აქციების, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქება იყო.
პროტესტის შედეგად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოქალაქეებს პირდაპირი ეთერი 30 ნოემბერს, 20:00-ზე დაუთმო.