საქართველოში მიმდინარე პროტესტს საერთაშორისო მედია ეხმაურება
საქართველოში მიმდინარე პროტესტს საერთაშორისო მედია ეხმაურება. სტატიას ავრცელებს The Guardian-ი. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყანა კრიზისში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში მომდევნო ოთხი წლით გაწევრიანების მოლაპარაკებებს აჩერებს.
ტექსტში წერია, რომ საქართველოს პრემიერმა ბლოკის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით შანტაჟზე ისაუბრა. “ევროკავშირში წევრობა საქართველოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, რომელიც საკუთარ მიზნად ბლოკში გაწევრიანებას ისახავს, რაც მის კონსტიტუციაშია ასახული. მოლაპარაკებების უეცარმა გაყინვამ 3.7-მილიონიან ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია”, – წერს The Guardian-ი.
The New York Times-ის სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებამ, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ოთხი წლით შეჩერებას ეხება, გაამწვავა კონფლიქტი ოპოზიციასთან, რომელსაც დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს. The New York Times-ის ინფორმაციით, საქართველოს საკითხზე ევროკომისიის წარმომადგენელმა კომენტარისგან თავი შეიკავა, განსხვავებით საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან, რომელმაც გადაწყვეტილებას “გულდასაწყვეტი” უწოდა.
Euronews-ი წერს, რომ მესამე ღამეა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, საქართველოში პროტესტი გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის პოლიტიკოსების ბრალი დასდო “შეურაცხყოფების კასკადში” და განაცხადა, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი საქართველოს წინააღმდეგ იარაღად აქციეს.
Visioner-ის ინფორმაციით, 30 ნოემბრის საღამოს – პირველი დეკემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
“რაც დღეს მოხდა, სრული კატასტროფა იყო. აქციაზე, რომელსაც თითქმის 200 000 ადამიანი ესწრებოდა, დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გაისროლეს. ამ ქმედებამ გამოიწვია ფართო პანიკა და გაზარდა ჭყლეტის რისკი,” – წერს Visioner-ი.