მნიშვნელოვანისიახლეები

“ნაცმოძრაობის” დატოვების შემდეგ ნიკა მელია ახალ პარტიას აანონსებს

“გავლენებისგან თავისუფალი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე” – ასეთად ესახება “ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და ნიკა მელიას მხარდამჭერს, გიორგი იმედაშვილს ახალი პარტია, რომლის შექმნაც ნიკა მელიამ “ნაცმოძრაობის” დატოვების შემდეგ დააანონსა. მისივე შეფასებით, “ნაცმოძრაობას” კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს და ეს ყველაფერი ახლანდელი მენეჯმენტისთვის გამოფხიზლების სტიმული უნდა იყოს.

“ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს ამ პარტიას და ვფიქრობ, ეს რაღაც სიგნალი უნდა იყოს ამ მენეჯმენტისთვის, რომ იქნებ რაღაც მომენტში გამოფხიზლდნენ. პარტიის ამ მენეჯმენტმა ყველანაირად სცადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობაში მხოლოდ ისეთი ადამიანები დაეტოვებინა, რომლებიც ამ არაფორმალურ მმართველობას უშუალოდ უწყობენ ხელს და გაერიყა ყველა ის ადამიანი ამ პროცესიდან, რომელიც წინააღმდეგი იყო არაფორმალური მმართველობის. ვფიქრობ, რომ ამის იქით ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი წასვლაა. გავლენებისგან თავისუფალი სივრცე არ არსებობს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სივრცე შეიქმნას. ასეთი პარტია აუცილებლად გაჩნდება და ის იქნება ძლიერი მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში,” – აცხადებს გიორგი იმედაშვილი.

“უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილება” – ასე აფასებს ნიკა მელიას გუნდის წევრი დავით ნებიერიძე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პარტიიდან წამოსვლისა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის თაობაზე. როგორც ნებიერიძე აღნიშნავს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიგნით დაპირისპირება იყო ფასეულობათა სისტემის ირგვლივ, რომელიც პარტიის ახლანდელმა მენეჯმენტმა “გააცამტვერა”.

“დაპირისპირება იყო ფასეულობათა სისტემის ირგვლივ და მე მივიჩნევ, რომ უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილებაა ნიკა მელიას მხრიდან. შეინარჩუნოს ის ფასეულობათა სისტემა, რომელსაც ყველა ერთად ვემსახურებოდით ამ დიდი დროის განმავლობაში და დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმიდან გავაგრძელოთ გზა. ჩვენთვისაც მთავარი არის ის ფასეულობათა სისტემა, რომელიც გააცამტვერა პარტიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ და რომელიც იძულებულს გვხდის თითოეულ ჩვენგანს დავტოვოთ პარტია,”- აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

ახალი პროდასავლური ოპოზიციური პარტიით გავაგრძელებთ ბრძოლას 2024 წელს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კირთაძის თქმით, ის არ გამორიცხავს ნიკა მელიასთან თანამშრომლობას, თუმცა განმარტავს, რომ მასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.

რაც შეეხება პარტიის შექმნას, კირთაძის განცხადებით, ამას ბევრი დრო არ დასჭირდება.

„ჩვენ დავტოვეთ პარტია და ვთქვით რომ ვრჩებით ბრძოლაში, ბუნებრივია, ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ ახალი პროდასავლური ოპოზიციური პარტიით გავაგრძელებთ ბრძოლას 2024 წელს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად, ქართველი ხალხი მივაღწევთ ამ რეჟიმის დემონტაჟს. რაც შეეხება თანამშრომლობას ნიკასთან, ეს არც არასდროს გამომირიცხავს, პირიქით, მიმაჩნია, რომ ნიკა არის პროდასავლურ ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული, გულწრფელი და კარგი ლიდერი და, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული მასთან თანამშრომლობა, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ არც კონსულტაციები გაგვივლია ამ ნაწილში, არც ნიკასა და არც სხვებთან. საბოლოოდ კი ვფიქრობ, რომ ნიკაც, სხვა ბევრი ღირსეული ადამიანისგან შემდგარ ახალ ერთობას აქვს პოლიტიკური მომავალი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კირთაძემ.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ლევან ხაბეიშვილთან პარტიის დატოვებისას კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ხაბეიშვილთან კომუნიკაცია ნამდვილად არ მქონია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი რჩება, ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ და სჯერათ ამ ქვეყნის წარმატების და, რა თქმა უნდა, მათთან არათუ კომუნიკაციას, ურთიერთობასაც აუცილებლად გავაგრძელებ და მეტიც, ამ ადამიანებთან ერთად ვფიქრობთ ჩვენ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ჩამოშლას“,- განაცხადა კირთაძემ.

პარტია “ლელოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ მიიჩნევს და წარმატებას უსურვებს. სამადაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ “ლელო” მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთანაც საერთო ხედვა ექნება.

“ვფიქრობ, რომ ნიკა მელია არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიციურ ველზე. ჩვენ გვახსოვს, რომ მან არაერთხელ ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი და წარმატებებს ვუსურვებ მას. “ლელოს” პოზიცია არის ცნობილი – დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი პარტიული გაძლიერებ. ამავე დროს, “ლელო” მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს “ლელოს” ხედვას,”- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

“ევროოპტიმისტების” წევრი რომან გოცირიძე ნიკა მელიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.

“ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტია. სერიოზული მოთამაშე ჩნდება უკვე ოპოზიციურ ფლანგზე იმ კუთხით, რომ ის მომავალში გააძლიერებს მთავარი პოლიტიკური პოლიტიკური ცენტრის, მთავარი ოპოზიციური ძალის, ნომერ პირველი პოლიტიკური ბლოკის შექმნას, რომელსაც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი პოტენციალი, ვიდრე დღეს აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. მე წარმომედგინა საკუთარი თავი ამ დიდი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთ ნაწილად. რა მოხდება, ჯერჯერობით, არავინ იცის, არც მე და ხატიას გვქონია ერთმანეთთან საუბარი, არც ნიკასთან. ასე რომ, დავაკვირდებით პროცესებს,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი კი ამბობს, რომ ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფილად არ აღიქვამს.

“ჩვენთვის “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” თანაბარი შანსი აქვთ, ერთმანეთზე უფრო მძიმედ დააზიანონ ეს ქვეყანა. ნიკა მელია იქამდეც და მერეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იქნება, რადგან იდეოლოგიური განსხვავება და რადიკალიზმის ხარისხი ნაკლები არ აქვს, არავისზე ნაკლები “ნაცი” არ არის, მოკლედ. ამიტომ, შუას უნდა ერთის დასრულებაც და მეორეს დასრულებაც,”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლიანი ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ – ვერ გეტყვით, რა არის მელიას განცხადებების მიზანი, ესაა არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევია პირადი წყენით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ყველა ადამიანი პარტიისთვის დანაკლისია, თუმცა, მათ უფრო მეტი დანაკლისი აქვთ თავიანთი წასვლით.

„რა შანსები აქვს ნიკა მელიას, ამას დრო, არჩევნები და ამომრჩეველი აჩვენებს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცხადია, ყველა წასული ადამიანი არის დანაკლისი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებისთვის უფრო დიდი დანაკლისი ყოფილა მათი წასვლა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაჰკლებია მათი წასვლით. შეგიძლიათ ნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლიანი ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ განვითარდა და გაძლიერდა ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას აქვს უნიკალური თვისება ყველა ასეთი კრიზისი აქციოს შესაძლებლობად. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის, ვინც ყველაზე დიდ როლს ითამაშებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ გავლენებზე მელიას განცხადებებს, წითლიძე მიიჩნევს, რომ ის ნაკარნახევი იყო პირადი წყენით და ნარცისული დამოკიდებულებით.

„ვერ გეტყვით, რა არის ამ განცხადებების მიღმა მისი მიზანი, მე შემიძლია გითხრათ, ჩემი შეფასებით, ეს არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, პირადი ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით საკუთარ თავთან. ვწუხვარ და ცუდია პოლიტიკოსისთვის, როცა წაგებას თუნდაც შიდაპარტიულს განიცდის ისე რომ ვერ ახერხებს ბოღმის კონტროლს და უშვებს შეცდომას”, – განაცხადა წითლიძემ.

ახალი არაფერი მომხდარა – პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა, – ასე აფასებს პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას წასვლას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

ბეჟაშვილის თქმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები „ნაციონალურ მოძრაობაში” რამდენიმე ეტაპად მოხდა და „არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ ჰქონია“.

„საზოგადოებამ იმ 8-9 თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა. მათი სტრატეგია იმთავითვე ცნობილი იყო – ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პარტიისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ, შემდგომ კი გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ. ამიტომ საზოგადოებისთვის არაფერი ახალი არ მომხდარა. ასეთი ფაქტებიდან „ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების კოალიციის შექმნას მიაღწევს. გამარჯვების კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოძრაობას უერთდება. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, მოვუსმინე ნიკა მელიას და ეს მოლოდინი მქონდა, ცხადია. მე დავინახე შესაძლებლობა, რომ ჩავერთო იმ პროცესში, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, მე ვუერთდები ამ მოძრაობას, ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.

[…] რომ ვუერთდები, ცხადია, ამას ნიშნავს, რომ [ნაციონალურ მოძრაობას] ვტოვებ”, – თქვა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ “ნაციონალურ მოძრაობა” დატოვა და ახალ პარტიას ქმნის. ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე მუშაობის დაწყებას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, მხარდამჭერებთან ერთად, დღეიდან აანონსებს, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button