მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
OVD-Info-ს ცნობით, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი რეპრესირებულთა ძეგლებთან შეიკრიბა. დაპატიმრებები მალევე დაიწყო. მათგან ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 16 და 17 თებერვალს რუსეთის 37 ქალაქში 401 ადამიანი დააკავეს. აქედან ყველაზე მეტი – 200-ზე მეტი – სანქტ-პეტერბურგში, მეორე ადგილზე მოსკოვია 49 დაკავებულით, შემდეგ მოდის სტავროპოლი, სადაც 19 ადამიანი დააკავეს. OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულთა შორის 4 ჟურნალისტია.
ადმინისტრაციული მუხლის სხვადასხვა ნაწილის მიხედვით, დაკავებულებს ემუქრებათ 500 რუბლიდან 50 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმის გადახდა და პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა
ნავალნი 47 წლის იყო.

იმავე დღეს უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”. კრემლის პროპაგანდისტული RT კი ირწმუნებოდა, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დღეს, 18 თებერვალს კოლონიის წარმომადგენლებმა ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.

ამასთან, ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, საგამოძიებო კომიტეტი და კოლონია სხვადასხვა ინფორმაციებს აწვდიან. მაგალითად, იარმიშის განცხადებით, საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button