ანალიტიკაეკონომიკა

ნავთობის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი არ მცირდება

ბოლო დროს ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება, ეროვნული ვალუტაც მეტნაკლებად მყარია, თუმცა საქართველოში საწვავი მაინც არ იაფდება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” –  „აფბა“ დიდ ხუთეულად წოდებულ ნავთობიმპორტიორებს მოუწოდებს გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა და გადახედონ საკუთარ საფასო პოლიტიკას. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მცირედით მაინც განმუხტავს დაძაბულ სოციალურ ფონს.

“ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტები სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა ის დადებითი ტენდენციები რომელზეც გავამახვილეთ ყურადღება ასახულიყო ნავთობიმპორტიორების საფასო პოლიტიკაზე. ამის ნათელი დასტურია იმ მცირე არაბრენდირებული კომპანიების ქმედება, რომლებიც საბითუმოდ არ ვაჭრობენ ადგილობრივ ბაზარზე და თავად არიან ნავთობპროდუქტების შემომტანები. ამ კომპანიებმა ფასების შემცირება ჯერ კიდევ გასულ თვეს დაიწყეს.

ინფლაცია ნოემბრის მონაცემებით 12.5 პროცენტს აღწევს, რაც 4-ჯერ მეტია მიზნობრივ მაჩვენებელზე. ფასების ზრდაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, როგორც საგარეო, ისე საშინაო. ერთ-ერთ გამორჩეულ პრობლემას წარმოადგენს საწვავის ფასის ისტორიულად მაღალი ნიშნული, რომელიც განსაკუთრებულად აძვირებს სამომხმარებლო კალათის კონკრეტულ ჯგუფებს და ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მთლიანად ინფლაციის ფორმირებაზე.

საწვავის ფასი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა და ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 3.38 ლარს აღმატება. თავის მხრივ, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ იყო დაკავშირებული გლობალურ ტენდენციებთან. იმდენად, რამდენადაც მიმდინარე წელს ნავთობის ფასმა ბოლო 2 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთი ბარელის ღირებულება 84 დოლარს ასცდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშიც ვკითხულობთ, სადაც სებ-ი ინფლაციის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, ნავთობის ფასების ზრდას ასახელებს.

თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში გლობალურ ბაზრებზე სიტუაცია არსებითად შეიცვალა და ნავთობის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, უკვე 2 თვეზე მეტია ნავთობის ფასს შემცირების ტრენდი უჭირავს და თუ WTI ტიპის ნავთობი ოქტომბრის ბოლოს 84 დოლარად ივაჭრებოდა, დღეს მისი ფასი 68 დოლარამდეა დაცემული, რაც ხელშესახები შემცირებაა.

როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის ფასი 2 თვეა მცირდება, ამან ცხადია ასახვა ჰპოვა პლაცსის ფასზეც, რომელიც პირდაპირაა მიბმული ნედლი ნავთობის ფასზე და მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება ამ მიმართულებითაც.

ზემოთ ნახსენებ ფაქტორებს ემატება ეროვნული ვალუტის კურსიც, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა დოლართან მიმართებაში. კერძოდ, მხოლოდ ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 6 თეთრით (2%-ით) გამყარდა. რაც ასევე ხელს უწყობს საწვავის ფასების შემცირებას საქართველოში.

თუმცა, ჩვენს ზემოხსენებული პოზიტიური გარემოებების მიუხედავად, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები დღემდე არ შემცირებულა,” – განმარტავენ ახალგაზრდა ფინანსისტები და ბიზნესმენები.

მსგავსი პოსტები

Back to top button