რეგიონი

თელაველი ახალგაზრდების ჯგუფი გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გაერთიანდა

ჯგუფში ოთხი ახალგაზრდა ქალია გაერთიანებული, რომელთაგან ყველაზე უმცროსი, 20 წლისაა

თელაველი ახალგაზრდების ჯგუფი გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გაერთიანდა.
წამოწყების ინიციატორი, თელავში მცხოვრები ქეთი დალაქიშვილია, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, უკვე წლებია, საკუთარი სახსრებით ეხმარება.
ჯგუფში ოთხი ახალგაზრდა ქალია გაერთიანებული, რომელთაგან ყველაზე უმცროსი, 20 წლისაა.
ქეთი დალაქიშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ჯგუფის მიზანი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფაა.

” დალხენილები არც ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები რამდენია. მე თვითონ ქირით ვცხოვრობ, ორი შვილი მყავს და მითუფრო არ მაქვს უფლება, მცირეოდენი მაინც არ მივაწოდო ადამიანებს, რომლებსაც ლუკმა- პურიც უჭირთ. ჩვენი სახსრებით, უცხოეთში მყოფი ჩემი დების დახმარებითა და მოხალისეების მიერ შეგროვილი პროდუქტითა და ტანსაცმლით ვეხმარებით გაჭირვებულ ადამიანებს. ადგილამდე მიტანას მთლიანად ჩემი ფინანსებით ვაკეთებ”- განმარტავს დალაქიშვილი.
ჯგუფში, რომელიც გაჭირვებულების დახმარებისთვის შეიქმნა, ოთხი ახალგაზრდა ქალია გაერთიანებული. რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შესახებ, ინფორმაციას ისინი ინტერნეტსივრცისა და რიგითი ადამიანების მეშვეობით აგროვებენ.
” ჩემთან ერთად არიან ნინი ჯიმშიტაშვილი და 20 წლის დები, ქეთი და ანი ლაფაურები, რომლებსაც თვითონ მშობლები არ ჰყავთ.
ინფორმაციას ვაგროვებთ ინტერნეტისა და ახლობლების დახმარებით, რომლებმაც იციან, ვის, სად და რა უჭირს. ჩვენ ამ საქმიანობას არ შევწყვეტთ და რამდენის დახმარებასაც შევძლებთ, ყველას მივაკითხავთ. ფასები ყოველდღე მაღლა მიდის, ზოგს ისიც არ შეუძლია ბავშვს პური უყიდოს. ასეთ ადამიანებს ვერ მივატოვებ, მეც დედა ვარ “- ამბობს დალაქიშვილი.

ახალგაზრდებმა უკვე გაუწიეს დახმარება ოჯახს გურჯაანში, რომელსაც სახლი მთლიანად დაეწვა. მათ ასევე, საკვები, ტანსაცმელი და ჰიგიენური ნივთები გადასცეს ბავშვებს, რომლებსაც გადაუდებელი საჭიროებები აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button