NDI საპარლამენტო არჩევნებზე ბოლო ანგარიშს აქვეყნებს

,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნები ღია და კონკურენტულ გარემოში წარიმართა და პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის შეუფერხებლად წარმოების საშუალება ჰქონდათ.

“ენ-დი-აის” ანგარიშში, დადებით ტენდენციებთან ერთად, არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემებზეც არის საუბარი. მათ შორის ყურადღება მახვილდება საარჩევნო პროცესის განმავლობაში ძალადობისა და დაშინების შემთხვევებზე, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის უქონლობის საკითხზე.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა გაუმჯობესდა, თუმცა საქმეების განხილვის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს კითხვის ნიშნები.

ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების პერიოდში გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დიდწილად დაცული იყო.

“ენ-დი-აი” ახალ პარლამენტსა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებისას მოსაზრებების ფართო სპექტრი და ყველა მოქალაქის ინტერესი გაითვალისწინონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button