ნიკა გვარამია დაკავების შემდეგ მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. გვარამიას ადვოკატის, ინფორმაციით, მათთვის გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ თავად შს სამინისტროს მხრიდან არ გამხდარა ცნობილი.
მისი თქმით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ მათ სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყვეს. ინფორმაცია დაკავებულის შესახებ მათთვის ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუწვდია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, როგორია ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა:
“რამდენიმე საათია ჩვენ ვცდილობთ ნიკა გვარამიას ადგილსამყოფლის დადგენას, თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ ომონის მხრიდან. ეს ინფორმაცია ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდებოდა იმის გამო, რომ დაკავების მომენტში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ელემენტარული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვაინტერესებდა ამბის გაგება და ამაზეც არ გვაწვდიან ინფორმაციას.
ახლა ჩვენთვის სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა, რომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ნიკა და შესაბამისად, გავემართებით იქ, გვექნება მასთან კომუნიკაცია და გავარკვევთ როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, სამართლებრივ მხარეს, თუ შეიძლება რაიმე სამართალზე საერთოდ ვისაუბროთ და ეს ტერმინი რაიმე კონტექსტში გამოვიყენოთ, განსაკუთრებით აი, ამ დღეებში, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაიქმნა რუსულ ომონად”, – ამბობს გვარამიას ადვოკატი.
ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პოლიციელებმა “გირჩი-დროას” ოფისთან დააკავეს 4 დეკემბერს, 16:45 საათზე, მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა დაიწყეს.
გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.
გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად, შელაპარაკებისას, ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები.
გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მათთვის ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სამართალდამცავებმა გელა ხასაია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ამის შესახებ მედიას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა. პარტია „დროას“ ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ – ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.