მნიშვნელოვანისიახლეები

ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოთხი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა იმართება. შეხვედრას ესწრებიან ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, შეხვედრას არ ესწრება „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, თუმცა იმყოფებიან მისი პარტიის წარმომადგენლები, ლევან გოგიჩაიშვილი და თეონა აქუბარდია.

შეხვედრის დაწყებამდე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებაა მიზანი ახალი არჩევნების შემდეგ. ეს მიზანი არ შეიცვლება და ამ მიზნის მიღწევისთვის მთელი ქვეყანა იბრძვის. გეგმაა ერთი – საზოგადოებამ მკაფიოდ იცოდეს, როგორ უნდა მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება და რა ხდება მას შემდეგ. როდის მოხდება, ეს ყველაზეა დამოკიდებული. საზოგადოებისთვის საინტერესოა, რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენს მიზანს ვაღწევთ“.
„ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ოპოზიციის გეგმა და მოწოდება.

„ეს არის ოპოზიციის ერთობლივი საკოორდინაციო შეხვედრა. ჩვენ განვიხილავთ საერთო სამოქმედო გეგმას შექმნილი ავტოკრატიული, რეპრესიული აპარატის წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩართულობით და დავალებით”, – განაცხადა გეგელიამ.

მანამდე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბარიერგადალახული ოპოზიციურ პარტიების 25-ეულებს „შეკრების, ერთად დასხდომის და ბრძოლის ერთად გაგრძელების“ წინადადებით მიმართა.

“ყველანი ვგმობთ იმ ტერორს, იმ ძალადობას, და იმ უკანონობას, რასაც ეწევა ეს ხელისუფლება. ეს არის მათი ბოლო აკორდები. ხელისუფლება, რომელიც მიმართავს ძალადობას საკუთარი ხალხის, საზოგადოების, ახალგაზრდობის წინააღმდეგ, აუცილებლად წავა.

დღეს, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო სიაში შემავალ კოალიციის 25-ეულებს მოვუწოდებთ ერთად შეკრებისკენ, რათა დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამ ქვეყნის გადასარჩენად. ამ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button