ნიკა გვარამია: ეს გადაწყვეტილება დიქტატურის დასამყარებლადაა
ნიკა გვარამია მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას აფასებს და სამაუწყებლო კომპანიაში დანიშნულ დროებით მმართველებზე, რევაზ საყევარიშვილსა და დავით დვალზე საუბრობს.
„დანიშნულია 2 ცენზორი, მათივე თანხმობით, ამ 2 სამარცხვინო ცენზორის სახელი და გვარია დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. პირველი არის ამ კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომლის დროსაც კომპანია იყო ღატაკი, რომლის დროსაც კომპანია შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ გარიგებებში ფულის სანაცვლოდ, მათ შორის კონკრეტულად ამ პირებისთვის გადახდილი ფულის სანაცვლოდ, მათ შორის ასლან აბაშიძესთან გარიგებაზეა საუბარი. ეს პირველი, დავით დვალს ვგულისხმობ, როგორც აღმოჩნდა ფული აიღო ქეშად, ჩაიდინა დანაშაული ფულის გათეთრების სახით და ქიბარ ხალვაშიც უნდა დაიკითხოს ამაზე და დვალიც, თუმცა დღემდე ამტკიცებს, რომ არაფერი არ აუღია.
მეორე რევაზ საყევარიშვილი არის უკვე ციფრებით დადასტურებული მეორე წარუმატებელი კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომელიც ერთ დროს მის მოსვლამდე იყო წარმატებული ტელეკომპანია და საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობდა.
რევაზ საყევარიშვილმა მოახერხა ამ ტელეკომპანიის დანგრევა და რეიტინგების თვალსაზრისითაც. დღეს ეს 2 ადამიანი, როგორც სასამართლოს განჩინება ამბობს, მიუკერძოვებელი და ნეიტრალური ადამიანი, მოდის რუსთავი 2-ის სამართავად. მიუკერძოვებელი არის დავით დვალი, რომელიც თვითონ დავობს რუსთავი 2-ის წილებზე და საჯაროდ არაერთხელ განაცხადა ქიბარ ხალვაშის მხარდაჭერა. მიუკერძოვებელი არის როგორც ჩანს რევაზ საყევარიშვილი, რომელიც ჩვენი მთავარი კონკურენტის მენეჯმენტში იმყოფებოდა წლების განმავლობაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, არავითარი ლეგალისტური გარჩევა ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება.
ეს გადაწყვეტილება არის ხელმოწერილი დოკუმენტი ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად.
ეს არის იშვიათი ისტორიული რარიტეტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქარტია, რომელსაც ხელს აწერს მოსამართლე ურთმელიძე. სასამართლო უნდა გამოვიდეს და უნდა თქვას, რომ ეს მოსამართლე არ არის მათი გილდიის წევრი.
ეს მოსამართლე არის სიტყვის თავისუფლების მკვლელი. პირველად საქართველოს ისტორიაში ამ საქმეზე წარმოდგენილი ადვოკატებიც კარგავენ სკუტარი გილდიის წევრობის უფლებას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის პირდაპირ ეთერში.