მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადავიდა

გვარამიას თქმით, მოსამართლის ქმედება ნიშნავდა იმას, რომ ის ვერ მიიღებდა აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.

როგორც გელოვანმა განმარტა, ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ალბათობის მაღალი სტანდარტით იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

სხდომაზე ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ამიტომ მის მიმართ დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, ადვოკატების თქმით, არ არსებობს არათუ მაღალი ალბათობის სტანდარტი, არამედ ფორმალური საფუძველიც.

პროცესზე ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ქმედება – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა – ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ზუსტად იგივე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც არსებობს [173,3] და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო.

„მსუბუქ და მძიმე გადაცდომას შორის, რატომ არის მძიმე არჩეული, როცა ყველა ეჭვი მსუბუქის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს? საიდან მომდინარეობს სისხლის სამართლებრივი საქმე? კომისიამ გამოიმუშავა პრაქტიკა, გვერდი აუაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და უფრო მძიმე დარღვევად ჩათვალოს გამოუცხადებლობა და საქმის განხილვა სხვა ორგანოს გადასცეს”,- განაცხადა გვარამიამ.

პროკურორების განმარტებით კი, 1999 წლიდან აღნიშნული ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა განსაზღვრული.

„26 წლის შემდეგ, 25 წლის პროკურორი მეუბნება, ახალი სისხლის სამართლის კოდექსი შეიქმნა და ძველი ადმინისტრაციული კოდექსი ფაქტობრივად გაუქმდაო. პროკურორს ვეკითხები, საიდან გაიგო მან, რომელ წიგნში ამოიკითხა, ვინ მოუყვა, რომ ნორმა, რომელიც ძალაშია, მოქმედებაშია, ის ფაქტობრივად გაუქმებულია, დისფუნქციურია? ასეთი რამ სამართალში არ არსებობს. კვლავ შევახსენებ ყველას, ეს სისხლის სამართლის პროცესია, ეს არ არის დისპოზიციური პროცესი, კონსტიტუციური პრინციპები არსებობს, რომელიც იცავს ბრალდებულს და არა ბრალდებას”,- განაცხადა გვარამიამ.

მან მოსამართლე ლევან გელოვანს საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ნუ გამიშვებთ იქ, სადაც ჩემს კონსტიტუციურ სტატუსში უფრო მეტი ჩარევა მოხდება, როცა ეს საქართველოს კონსტიტუციით არ მეკუთვნის.

საქმე უნდა შეწყდეს, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, ჰკითხეთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ასეთ ვითარებაში როგორ უნდა იქცეოდეს არამხოლოდ კანონმდებელი, არამედ სასამართლო”,- მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

სხდომაზე რამდენჯერმე კამათიც იყო. გვარამიას ერთ-ერთ რეპლიკას პროკურორის მისამართით, “99 წლის შემდეგ დაბადებული რომ ხარ, რა გქვია შენ?”- მოსამართლის გაღიზიანება მოჰყვა, მან გვარამიას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„ყოფილი პროკურორი როგორ ელაპარაკებით მოქმედ პროკურორს?” – მიმართა მოსამართლემ გვარამიას.

„თუ პროკურორი აღმოაჩენს, რომ იმგვარი ქმედებაა განხორციელებული, რაც დანაშაულებრივ ნიშნებს გამორიცხავს, მან ბრალზე უარი უნდა თქვას….

თქვენ ითხოვთ ჩემს პატიმრობას საბოლოო ჯამში და ის მაინც არ უნდა ვიცოდე, რის საფუძველზე ითხოვთ? იქამდე დავედით, რომ სისხლის სამართლის კოდექსით კი არა, ვიღაცის დებულების საფუძველზე ითხოვთ?” – განაცხადა გვარამიამ.

მოსამართლე ლევან გელოვანმა იკითხა, „ერთი გადაწყვეტილება რომ იყო, [მამუკა ხაზარაძის]წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა”? აღნიშნულს გვარამიამ უპასუხა, რომ იმ საქმეზე ეს შუამდგომლობა არ დაყენებულა და ის სხვა ადვოკატების ნაცვლად ვერ ისაუბრებს. ამასთან, გვარამიამ განაცხადა, რომ მასაც შეეძლო საათების განმავლობაში ესაუბრა პარლამენტის და კომისიის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, თუმცა, მან სულ სხვა შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორები სასამართლო სხდომაზე განმარტავდნენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაც და ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმაც. ამასთან, პროკურორები განმარტავდნენ, რომ ხელმძღვანელობა უნდა მოხდეს უფრო გვიან მიღებული კანონით.

„ორი კანონის დაფარვის ქვეშ ვარ?”,- იკითხა გვარამიამ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, ბოლოს მიღებული კანონი კი არ გამოიყენება, უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის დამწესებელი ნორმა უნდა იყოს გამოყენებული.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის გირაოს გადახდას არ აპირებს

მოსამართლემ რაც გააკეთა – ერთი წუთის ნაცვლად რომ ერთი საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გვარამიას თქმით, მოსამართლის ქმედება ნიშნავდა იმას, რომ ის ვერ მიიღებდა აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებითი განხილვის მოსამართლეს გადააბარა.

„არსებობს ორი ნორმა, რომელიც ადგენს ზუსტად ერთი და იგივე შინაარსით, ერთი და იგივე სათაურით, ოღონდ განსხვავებული სანქციებით – ერთი უფრო მსუბუქი სანქციითა და მსუბუქ ნორმატიულ ბაზაში ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ხოლო მეორე უფრო მძიმე სანქციითა და მძიმე ნორმატიულ ბაზაში ანუ სისხლის სამართლის პროცესით ერთი და იგივე შინაარსით ქმედების დასჯადობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ დროს უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი პროცედურები და თუ საერთოდ რამე დაიწყება, დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცედურები, მით უფრო, რომ ადმინისტრაციული სანქციის შემფარდებელი ამ ვითარებაში არის საკუთრივ კომისია და მისი თავმჯდომარე თეა წულუკიანი, რომელმაც, როგორც ცნობილმა ჯალათმა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერს გვერდი აუაროს და პირდაპირ სისხლის სამართლის წესით წარვდგეთ.

მოსამართლემ რაც გააკეთა – ერთი წუთის ნაცვლად რომ ერთი საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ასევე, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ გადაწყვეტილებებიც უნდა გაუქმებულიყო. ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონია. უნდა გავაცნობიეროთ, მოსამართლემ რა თქვა – მან თქვა, რომ მე ვერ გამოვიტან ამ გადაწყვეტილებასო, მოდი, სხვა მოსამართლემ გამოიტანოსო. ის ვის გადაულოცავს, აღარ ვიცი, მაგრამ სანამ ის ვინმეს რამეს გადაულოცავს, მანამდე „ქართული ოცნება“ დასრულდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამაში ვართ სრულიად დარწმუნებული“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ქმედება – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა – ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ზუსტად იგივე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც არსებობს [173,3] და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო.

„მსუბუქ და მძიმე გადაცდომას შორის, რატომ არის მძიმე არჩეული, როცა ყველა ეჭვი მსუბუქის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს? საიდან მომდინარეობს სისხლის სამართლებრივი საქმე? კომისიამ გამოიმუშავა პრაქტიკა, გვერდი აუაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და უფრო მძიმე დარღვევად ჩათვალოს გამოუცხადებლობა და საქმის განხილვა სხვა ორგანოს გადასცეს”,- განაცხადა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გვარამიას განცხადებით, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

დღევანდელ სხდომაზე კი ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. პარტია “ახალში” აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button