მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნინო ლომჯარიამ მოუწოდა შსს-ს პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები

სახალხო დამცველი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფების და მათი ორგანიზატორების გარდა, სახელმწიფოსაც ეკისრება. ის ამბობს, რომ ხელისუფლება აქციის წინა დღეებში ძალადობრივ განცხადებებს ისმენდა, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია.

“მოვუწოდებ შსს-ს, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ ახლაც გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული, კარგად კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები.

ადგილზე ვნახეთ მოწოდებები და მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა – ლექსო გარდაიცვალა სწორად ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად. სახელმწიფო მთელი ეს დღეები ისმენდა ამ ძალადობრივ მოწოდებებს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, მიუხედავად ამისა არ გატარებულა პრევენციული ღონისძიებები. ეს თავდასხმა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ ორგანიზატორებთან ერთად”, – ამბობს ომბუდსმენი.

მსგავსი პოსტები

Back to top button