ნინოწმინდაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საძოვრები ყოველწლიურად სხვისდება, რის გამოც პირუტყვის შენახვა უჭირთ. გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. ორლოვკის მიმდებარედ, დაახლოებით, 900 ჰექტარია გასხვისებული.
ადგილობრივები რადიო „ნორთან“ აცხადებენ, რომ სოფელი თავს მესაქონლეობით ირჩენს. იმის გამო, რომ საკმარისი საძოვრები აღარ აქვთ, საქონლის შენახვა უჭირთ.
მოსახლეობის განცხადებით, სოფლის მიმდებარედ, დაახლოებით 120 ჰექტარი ერთ–ერთმა ადგილობრივმა 2000 წელს შეიძინა და მას შემდეგ დაიწყო პრობლემებიც. არასაკმარისი საძოვრის გამო, საქონლის გამოკვება უჭირთ.
“არასოდეს ყოფილა ჩემი ან შენი, ყველაფერი საერთო იყო. ახლა გასხვისდა და აღარ გვიშვებენ ტერიტორიაზე. ჩვენ, გლეხებს გვეუბნებიან, რომ საძოვრები სახელმწიფო საკუთრებაა და არ იყიდება, მაშინ როგორ გაიყიდა ეს მიწა?!” – კითხულობენ ადგილობრივები.
სოფელში ამბობენ, რომ გაყიდული საძოვრების მეპატრონეები ტერიტორიებს მომთაბარე მწყემსებზე აქირავებენ.
“სოფელში 1 000 სული პირუტყვი მაინც გვყავს და მშივრები დადიან. ჰექტრობით ტერიტორიას კი, მეცხვარეებზე აქირავებენ. საქონლის შენახვა გვიჭირს, თავი რით ვირჩინოთ? აქ ყველა მესაქონლეობას მისდევს, სხვა შემოსავლის წყარო არ გვაქვს”. – აცხდებენ ადგილობრივები.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან” აცხადებს, რომ ორლოვკის მიმდებარედ, დაახლოებით, 900 ჰექტარია გასხვისებული და მას ხუთი მეპატრონე ჰყავს.
მოსოიანის განმარტებით, ხუთივე მათგანს საძოვრების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს. ამიტომ, თუ ადგილობრივებს გასხვისებასთან დაკავშირებით „პრეტენზია აქვთ, სხვა უწყებებს უნდა მიმართონ“.
„დეტალები არ ვიცი, მაგრამ წლების წინ შეისყიდეს. დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ საჯარო რეესტრიდან. ეს ჩვენი გადასაწყვეტი თემა არაა“.
მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ადგილობრივებს საკმარისი საძოვრები აქვთ, მაგრამ იქამდე პირუტყვის მისაყვანად, გასხვისებული ტერიტორიის გავლა უწევთ, რომლის მეპატრონეებიც, ამის უფლებას არ აძლევენ.
„ჩემთანაც იყვნენ მოსულები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქმის კურსში ვარ. ეს აქცია არ არის, ადგილობრივები და მიწის მესაკუთრეები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომ კერძო საკუთრებაზე საქონლის გაყვანის უფლება მისცენ. ორშაბათს მოვლენ ჩემთან და გავარკვევ, შეძლეს თუ არა შეთანხმება. შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით დღესაც შეიკრიბონ, ხვალაც და ზეგაც“. – ამბობს მოსოიანი.
დღევანდელი აქცია ისე დასრულდა, რომ მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს. მესაკუთრეები ამბობენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ: „ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ ვიყიდეთ და არავის გადავცემთ“.