პოლიციამ ნიუ-იორკში, მანჰეტენ მიდთაუნში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავების პროცესი ქალაქში „კომენდანტის საათის“ ამოქმედებისთანავე, საღამოს 8 საათიდან დაიწყეს.
ტელეკომპანის CNN-ის კორესპონდენტის ცნობით, პოლიციელები აქციის მონაწილეებს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე აკავებენ.
საპროტესტო აქციები გრძელდება ვაშინგტონშიც, სადაც გასული ღამის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ, ვინაიდან ქალაქში რამდენიმე ღამეა „კომენდანტის საათი“ აღარ მოქმედებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტის მიზეზი ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მიმართ განხორციელებული ძალადობა გახდა. კერძოდ, დაკავებისას ერთ-ერთ პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი თითქმის 9 წუთის განმავლობაში ეჭირა. ინციდენტის შედეგად, ფლოიდმა გონება დაკარგა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. აქციები მინეაპოლისში პოლიციელების დასჯის მოთხოვნით დაიწყო და მთელ ქვეყანას მოედო. მომიტინგეები პოლიციის მხრიდან შავკანიანებზე ძალადობას აპროტესტებენ.