მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნოდარ მელაძე სუს-ში

„TV პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. მასთან კითხვები გამოძიებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქვს.

როგორც მელაძემ აღნიშნა, სუს-იდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც „TV პირველის“ ეთერში ვასამბეკ ბოკოვის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გავიდა.

„შაბათის ეთერში „ტვ პირველმა” მოამზადა, ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა. ეს ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს, ვასამბეკ ბოკოვს. დოკუმენტაცია, რომელიც მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად, ზუსტად ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ. გუშინ, ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, დამიკავშირდა გამომძიებელი და გვითხრა, რომ გაჩნდა კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს მე, შემდეგ იყო ზარი გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და არ გვაქვს ვალდებულება, დავასახელოთ წყაროები. ველოდები, რა კითხვები ექნება სუს-ს, ეს იქნება მხოლოდ რეპორტაჟზე თუ მის მიღმა.” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მან ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ჯერ ეთერში არ გასულა და აღნიშნა, რომ მასში ბევრად უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე იქნება საუბარი. მელაძის განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ვასამბეკ ბოკოვის ძმა სუს-ის მიერ დაკავებულ პირს კადრებში ვერ ცნობს.

„ჩვენს ხელში აღმოჩნდა არამხოლოდ ის დოკუმენტები, რომელიც შაბათს გამოძიების პირველი ნაწილის დროს გავასაჯაროვეთ, არამედ ჩვენს წარმოებაშია ჟურნალისტური გამოძიების მეორე და მთავარი ნაწილი, რომელსაც მაყურებელი ნახავს შაბათს. ამ გამოძიებაში არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ვიდრე ის, რაც უკვე გავასაჯაროვეთ. მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი: არის თუ არა ის ადამიანი ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, რადგან ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან ნახა რამდენიმეჯერ ეს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია ქავთარაძის ქუჩაზე და ასახავს მისი ძმის დაკავებას. ეს ვიდეო არის მაღალი გარჩევადობის და ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ეს მისი ძმა არ ყოფილა. ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ ფიზიკურად, ეს მისი ძმა არ არის. შესაძლოა თუ არა, ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად, ახლა საპატიმროში იჯდეს სრულიად სხვა ადამიანი და კონსპირაციისათვის, დაქირავებული პირის მიმართ, სხვა სახის კონსპირაციები ყოფილიყო გამოყენებული.” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მოისმინეთ ნოდარ მელაძის ხმა.

სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„პირველი ნაწილი კითხვების ეხებოდა, როდის გავიგე, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგისგან, ხომ არ უთქვამს მანამდე, რომ იყო თვალთვალის მსხვერპლი ან ხომ არ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად როდის მივიღე ინფორმაცია ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით.

“სუს-ს აინტერესებდა, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ, ვინმემ ხომ არ დაგვავალა ან გვთხოვა. აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკად მოხდებოდა ადაპტირება დოკუმენტების, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა დოკუმენტები, რომელიც ჯერ არ გაგვისაჯაროებია ეთერში და ვგეგმავთ თუ არა, კიდევ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას ამ თემაზე.

“ყველა ამ კითხვაზე პასუხია ერთი: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება, ასეც ჩაიწერა ჩვენებაში.

“აინტერესებდათ, არის თუ არა პირველადი ფორმით დოკუმენტები, რომელიც მოვიპოვეთ. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როდესაც მზადდება რეპორტაჟი და გადის ეთერში, ეს დოკუმენტები, წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პირველადი ფორმით აღარ ინახება.

“სუს-ს აინტერესებდა, კიდევ ხომ არ გვაქვს დამატებითი დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც ვგეგმავთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ჟურნალისტური გამოძიების მეორე სერია გვექნება შაბათს ეთერში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალით, თუმცა ამ ეტაპზე რა გვაქვს მოპოვებული და რის მოპოვებას ვგეგმავთ, არ ვართ ვალდებული, ვისაუბროთ.

“როდესაც გაიმართა ნიკა გვარამიას ბრიფინგი და ამის შემდეგ გაავრცელა სუს-მა განცხადება, ამ განცხადებიდან ჩვენ გავიგეთ, რომ ვერაფერი ვერ გავიგეთ. პრაქტიკულად, ვერაფერი ვერ გავიგეთ ჟურნალისტებმა. ვიცით, რომ მზადდება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გადაცემის წამყვანის ლიკვიდაცია და არ ვიცით არაფერი. ამ დროს იწყებენ ჟურნალისტები ჟურნალისტურ გამოძიებას და შესაძლოა, გაარკვიონ იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. კითხვების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც ისმოდა, მე დამრჩა განცდა, რომ ამ რეპორტაჟიდან მათ ბევრი ახალი ამბავი გაიგეს. კითხვა იყო ბევრი, პასუხი იყო ერთი.

“უმჯობესი იქნება, თუ სუს-ი გადაცემაში გასული სხვა რეპორტაჟებითაც დაინტერესდება, მათ შორის, მელაძის განცხადებით კორუფციის ფაქტებსა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯებზე.”

მსგავსი პოსტები

Back to top button