ობამა თავისუფლების კუნძულზე სიტყვით გამოვა
კუბაში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას, 22 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილემ საერო უსაფრთხოების საკითხებში, ბენ როდსმა განუცხადა.
“ობამა კუბის ნაციონალურ თეატრში (ჰავანა) რამდენიმე ასეული კუბელის წინაშე სიტყვით გამოვა”, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
როდსის სიტყვებით, თეთრი სახლის მეთაური ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებს შეეხება. ამის გარდა, იგი ამერიკა-კუბის სამოქალაქო ურთიერთობებსა და ქვეყნებს შორის დიალოგზე ისაუბრებს.
როდსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კუბას არ უკარნახებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი მომავალში, არამედ აშშ მხოლოდ საკუთარი მოქმედების გეგმას გაახმაურებს.
როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ბარაკ ობამა კუბის რევოლუციის ლიდერს, ფიდელ კასტროს არ შეხვდება, მაგრამ პრეზიდენტს კუბის სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, რაულ კასტროსთან შეხვედრა ვიზიტის განრიგში უწერია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად კუბას 21-22 მარტს ეწვევა. იგი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდება, რომელიც კუნძულს 88 წლის შუალედის შემდეგ პირველად ესტუმრება.