მნიშვნელოვანირეგიონი

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი დეპუტატი გამართლდა

სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ბრალდებულ, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

განაჩენის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ წევრს, გამოძიების მიერ ბრალად შერაცხული, ოჯახის წევრებზე ძალადობა, მუქარა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, არ ჩაუდენია.
გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თავად მიხეილ გრემელაშვილმა, საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

” თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, ჩემს უდანაშაულობაში. ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. დანარჩენზე ადვოკატს გაესაუბრეთ”- განაცხადა გრემელაშვილმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდეს გრემელაშვილის ოჯახის წევრებმაც.
ყოფილი დეპუტატის დედა, ია აჩუაშვილი ამბობს, რომ მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა.

” ეს არის სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება. ვერ აღვწერ იმ სტრესისა და ნერვიულობის შესახებ, რაც ჩვენმა ოჯახმა ამ ორი წლის განმავლობაში გადაიტანა. არც იარაღის შენახვა დაუდასტურდა, არც ძალადობა და არც მუქარა. კარგი ურთიერთობა აქვს საკუთარ შვილებთან, ამ ხნის განმავლობაში, ჩემი შვილის უწესო საქციელი არავის გაუგია. ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა შეისწავლეს ეს საქმე და დაადგინეს, რომ მიხეილს დანაშაული არ ჩაუდენია. ადვოკატი გვყავდა ისეთი კვალიფიციური და ავტორიტეტული, რომ ის, მოძალადეს არ დაიცავდა”- განაცხადა აჩუაშვილმა.

მიხეილ გრემელაშვილის ადვოკატი, ქეთევან ზაქარიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობდა.

” ყველა ბრალდებაში გამართლდა.ოჯახური ძალადობისა და მუქარის ნაწილში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, სასამართლოსათვის ჩვენება არავის მიუცია. რაც შეეხება იარაღს, თავადაც თავიდანვე ამბობდა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მისი გენეტიკური პროფილი ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე არ ამოვიდა. საუბარია იმ ავტომატზე, რომელიც ფორტეპიანოში აღმოაჩინეს, დაობებული, დაძველებული, არავინ იცის, როდის ჩადეს, იქ. უცხო ადამიანების გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ზედ, მამაკაცისა და ქალის. მე ველოდებოდი ამ განაჩენს და ვთვლი, რომ არის სწორი და სამართლიანი”- განაცხადა ზაქარიაშვილმა.
ბრალდების მხარე გამამრთლებელ განაჩენზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი 2020 წლის 8 ივლისს,მისი ნათესავის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ დააკავეს.

სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მისმა ბიძაშვილმა, შვილებს, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო სცემა.

კუკუნაშვილი ამტკიცებდა, რომ საკრებულოს დეპუტატი ცოლ-შვილზე წლების მანძილზე ძალადობდა.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.

არჩევნებში ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა და „საქართელოს პატრიოტთა ალიანსს”შეუერთდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button