მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტები “აზოვსტალის” დატყვევებული დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი „სამსჯავროს“ გამართვას გეგმავენ

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში “აზოვსტალის” დატყვევებული დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი „სამსჯავროს“ გამართვას გეგმავენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.

უწყების ცნობით, აგრესორები დაჩქარებულ რეჟიმში არემონტებენ მარიუპოლის ფილარმონიის გადარჩენილ შენობას, ხოლო სცენაზე აზოველებისთვის რკინის საკნებს დგამენ.

„ამ ქმედებისთვის ერთგვარი „ლეგიტიმურობის“ სახის მისანიჭებლად, ოკუპანტები ამზადებენ სპეციალურად მომზადებულ „მოწმეებს“ და მოჰყავთ რაშისტული „მედიის“ წარმომადგენლები“, – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

მათივე შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რუსებმა, შესაძლოა, ობიექტზე მიზანმიმართული სარაკეტო შეტევა განახორციელონ. ასეთ შემთხვევაში, დამპყრობლები ტრადიციულად შეეცდებიან ეს ქმედება უკრაინას გადააბრალონ.

6 აგვისტოს, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კვლავ არ იცავენ არცერთ საერთაშორისო ნორმას.

“ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას, რითაც მთელი ცივილიზებული სამყაროსადმი გულგრილობას აჩვენებენ.” – განაცხადა ბოიჩენკომ.

მარიუპოლის მერი მსოფლიო მოსახლეობას, გაეროსა და წითელ ჯვარს მოუწოდებს ჩაერიონ და ომის ტყვეებისადმი მოქცევის წესების დაცვა უზრუნველყონ.

ცნობისათვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button