მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტები უკრაინულ მარცვლეულს ბომბავს

ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერკასის ოლქს დრონებით შეუტიეს, როგორც უკრაინული მედია წერს, დარტყმები იყო ქალაქ უმანში მდებარე საწყობებზე, სადაც მარცვლეული ინახებოდა.

ჩერკასის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეცი ტელეგრამ არხზე წერს, რომ თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი – ის კლინიკაშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს სამი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძრის ლიკვიდაციაში 11 ერთეული ტექნიკა და 52 პერსონალი მონაწილეობდა.
ამას გარდა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს კრივი-რიჰში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ოჯახის 4 წევრი დაშავდა: 40 წლის კაცი, მისი 36 წლის მეუღლე, 16 წლის ვაჟი და 57 წლის ბებია. ისინი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ დრუჟკივის თემს S-300​ ტიპის რაკეტით დაარტყა. დარტყმის შედეგად დაზიანდა 15 კერძო საცხოვრებელი და კომერციული შენობა.

უწყების თქმით, აღნიშნულ ფაქტზე წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

გასულ ღამეს რუსეთმა ხერსონის ოლქში 10 საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. როგორც
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი, ალექსანდრ ტოლოკონიკოვი ამბობს, ქალაქ სტანისლავში 4 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი პირი კი ნანგრევებში მოყვა.

დღეს დილით დაიბომბა ხერსონის გარეუბნებიც. ბოლო კვირის განმავლობაში კი რუსმა ოკუპანტებმა რეგიონს 166 საჰაერო ბომბით შეუტიეს. ტოლოკონიკოვის შეფასებით, ხერსონში საჰაერო იერიშების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მახლობლად წინ მიიწევენ.

“უკრაინული ჯარები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით და ბახმუტის მახლობლად, რუსები კი ავდიივკა დონეცკის ხაზის გასწვრივ შეტევებს ახორციელებენ.

27 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს მარინკას დასავლეთით (ქალაქ დონეცკის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში)”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა წარუმატებელი დარტყმები განახორციელეს სტეპნოეს აღმოსავლეთით (ავდიივკას ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში), ავდეევკას სამხრეთ-დასავლეთით და აგრეთვე ნოვოსელოვკას მახლობლად.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს მათ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 30 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 16 გაანადგურეს.

“დაახლოებით 30 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საჰაერო ძალების ძალებმა და საშუალებებმა, უკრაინის საზენიტო თავდაცვასთან თანამშრომლობით, გაანადგურეს 16 “შაჰიდი,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი თქმით, რუსები უკრაინას სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უტევდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button