მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი ხვალ გათავისუფლდება-ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 121-ე შეხვედრა გაიმართა. რამდენიმე საათიანი დისკუსიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხვალ, 13 სექტემბერს გაათავისუფლებენ ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ლაშა ხეთერელს. ის 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ოკუპირებულ სოფელ დისევთან.

„გრძელდება კონსულტაციები, რათა უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში“, – თქვა ირაკლი ანთაძემ. ხეთერელის გარდა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ცხრა მოქალაქე იმყოფება.

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე დროის უმეტესი ნაწილი დაეთმო უკანონო „ბორდერიზაციის“ საკითხს.

„ის რვა ფაქტი [„ბორდერიზაციის“], რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში განხილული იყო ძალიან დეტალებში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კვლავ დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია, მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო პატიმრობაში აყვანასთან​ და კიდევ უფრო მძიმე ინციდენტებთან, რისი მოწმენიც არაერთხელ გავმხდარვართ წარსულში“, – აღნიშნა მან.

IPRM-ის ფორმატში გამართულ შეხვედრებში ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის უცვლელი შემადგენელი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება.

ირაკლი ანთაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზიდან ინფორმაციის გავრცელების შემცირება ხომ არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს?

„არავითარ შემთხვევაში, – თქვა ანთაძემ და განმარტა რიგ შემთხვევებში რატომ იკავებენ თავს ინფორმაციის გავრცელებისგან, – როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ექვს უკანონო დაკავებაზე, რასაც ადგილი ჰქონდა შეხვედრებს შორის პერიოდში, ამ ექვსიდან ერთზე ინფორმაცია გავრცელდა 26 ივნისს, დანარჩენ ხუთ შემთხვევაში ხშირად სუს-ს გაუკეთებია განმარტება, რომ უკანონოდ დაკავებულების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე (როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამან გაამართლა) თუკი არის თუნდაც ევენტუალური შესაძლებლობა, რომ ისინი გამოყვანილ იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამ დროს ველოდებით მოლაპარაკების შედეგს. ტაჯიკეთის ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ეს ასეც მოხდა. ასევე ეს შედეგი დადგა ერთ გოგონასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ ცნობა არ იქნა გაჟღერებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ოჯახის სურვილის გათვალისწინებით. იმის მტკიცება, რომ ჩვენ ეს დავმალეთ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართება. IPRM-Iის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების, რუსეთის საოკუპაციო ძალების, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button