იურიდიულმა კომიტეტმა ჰომოფობიურსა და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ქართულ ოცნების ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქალისა და კაცის კავშირს განიხილავს, მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით დაემატოს: “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით”.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.
„ამ ინიციატივამ თვალნათლივ და მკაფიოდ დაგვანახა, ვინ ირჩევს ჩვენს ტრადიციულ, ქართულ ღირებულებებს და ფასეულობებს და ვინ დგას ისეთი პროპაგანდის უკან, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, მათ შორის, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებისთვის“, – განაცხადა კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
4 სექტემბერს ქართული ოცნების 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ანტი-ლგბტ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა ვენეციის კომისიამ მოამზადა.