ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მონიტორინგი დაიწყო-19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR – ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
ოუენ მერფიმ პრესკონფერენციის დასაწყისში მადლობა გადაიხადა სადამკვირვებლო მისიის დროულად მოწვევისთვის და მისიის მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
„ჩვენ 17 სადამკვირვებლო მისიაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს იქნება მე-18 მისია. დღეს გვქონდა შეხვედრა ცესკო-ში და ჩვენს გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი ამოცანები და საქმიანობის მონახაზი გაეცნო იქ მყოფთათვის. მოგვიანებით გექნება შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მადლობას ვუხდით როგორც სამინისტროს, ასევე ცესკო-ს თამანშრომლობისთვის. ველოდებით, რომ მომდევნო კვირებშიც გვექნება ახლო თანამშრომლობა.
მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი. ჩვენი ძირითადი ჯგუფი განთავსებულია თბილისში და დროებითი ოფისი გვაქვს გახსნილი მომდევნო შვიდი კვირისთვის. 17 სექტემბერს კიდევ 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შემოგვიერთდება და გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით 15 ტერიტორიულ ერთეულზე. ისინი დაკვირვებას განახორციელებენ საარჩევნო პროცესებზე. არჩევნების წინა დღეს საქართველოში ჩამოვა კიდევ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართული და განახორციელებენ დაკვირვებას ხმის მიცემის პროცესზე, მთელ პროცედურაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი გამოცდილება 20 წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის საფუძველზე დაიხვეწა. დაკვირვება განხორციელებული გვაქვს 450-ზე მეტ საარჩევნო პროცესზე და ჩვენი პრინციპი გახლავთ მიუკერძოებლობა. დაკვირვებას ვაწარმოებთ არჩევნების დაწყებამდე, არჩევნების პროცესში და შემდგომ პერიოდში, ეს იქნება ადმინისტრაციული მომზადება, რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და დაფინანსება. დაკვირვების ნაწილია ასევე მედიაგარემო, მედიის მხრიდან პროცესების გაშუქება და, მთლიანობაში, საკანონმდებლო ჩარჩო, როგორ ხდება სადავო საკითხების გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მრავალი შეხვედრა, ეს იქნება საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“, – აღნიშნა ოუენ მერფიმ.
სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
„მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.
დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ. კერძოდ, ისინი მონიტორინგს გაუწევენ პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა და მედია გარემოს. ისინი ასევე შეაფასებენ ODIHR-ის მიერ წარსულში გაწეული არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხორციელებას.
შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკვირვების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
არჩევნების დღეს ODIHR-ის მისია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას.
არჩევნების მომდევნო დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პრესკონფერენციაზე წარადგენს დაკვირვების წინასწარ შედეგებს. საარჩევნო პროცესის შეფასების საბოლოო ანგარიში, რეკომენდაციების ჩათვლით, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში იქნება გამოქვეყნებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან მისიის წევრები ხელისუფლებსი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრა მედიასთანაც.
მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ პრესკონფერენციაზე უარი თქვა წინმსწრებად შეეფასებინა საარჩევნო გარემო და ის, თუ რა გავლენას ახდენს მასზე რუსული კანონი, თუმცა მიუთითა ოდირის დასკვნაზე, რომელიც უკვე არსებობს. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ჰკითხეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, თითქოსდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), როგორც ინსტრუმენტი საქართველოში არჩევნებში ჩარევისთვის და ფერადი რევოლუციის მოსაწყობად.
“ოდირმა გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა ამ კანონის შესახებ , თუმცა სადამკვირვებლო მისია დამოუკიდებლად აფასებს საარჩევნო კამპანიას, ამიტომ ჩვენ შევაფასებთ ნებისმიერი კანონის გავლენას თუ ეს რელევანტურია და თუ მას გავლენა აქვს საარჩევნო კამპანიაზე.
მე არ ვუპასუხებ ინდივიდუალურ განცხადებებს. რაც შემიძლია ზოგადად ვთქვა, ნებისმიერი ცნობა, თითქოსდა ჩვენი მისია წინასწარი განზრახვით იმუშავებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი მანდატი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია. ჩვენ აქ ხელისუფლების მიერ ვართ მოწვეულნი. ჩვენი საფიქრალი არაა არჩევნების შედეგები, ჩვენი საზრუნავია პროცესი. ჩვენ არ ვერევით. ჩვენი როლი და ამოცანაა დაკვირვება სრული პროცესის”, – განაცხადა მერფიმ.
მაისში ეუთოს “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისმა” (ODIHR) საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. აგენტების კანონის შესახებ იურიდიულ ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ის შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მოკლედ უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვყენებულ განცხადებას, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.ეუთო შუალედურ ანგარიშს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წარადგენენ. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს, ის არჩევნების შემდეგ 2-3 თვეში მომზადდება.